რატომ გაზარდა საქართველომ გაზის იმპორტი რუსეთიდან - მინისტრის პასუხი

© photo: Sputnik / Dmitry Lelchuk / გადასვლა მედიაბანკშიგაზსადენის მშენებლობა
გაზსადენის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2023
გამოწერა
ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ენერგორესურსებზე, მათ შორის ბუნებრივ აირზე, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. აზერბაიჯანი სრულად ვერ დაფარავს საქართველოს მოთხოვნას ბუნებრივ აირზე, ამიტომ ქვეყანას ის რუსეთიდანაც შემოაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დავითაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას მიმდინარე წლის ცხრა თვეში რუსეთის ფედერაციიდან ბუნებრივი აირის იმპორტის ზრდაზე, როგორც მოცულობით (500 მლნ კუბური მეტრი), ასევე ღირებულებით (85 მლნ დოლარზე მეტი).
„რაც შეეხება რუსეთიდან გაზის იმპორტს, იცით, რომ აზერბაიჯანი სრულად ვერ ფარავს ჩვენს მოთხოვნას, შესაბამისად, ალტერნატიული წყაროებიდან გვიწევს საქართველოში გაზის მოწოდება იმისთვის, რომ შეუფერხებლად მოხდეს ქვეყნის ენერგომომარაგება“, - განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც დავითაშვილმა განმარტა, ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ენერგორესურსებზე, მათ შორის ბუნებრივ აირზე.
„ჩვენი ეკონომიკის ზრდის პარალელურად ჩვენ მოთხოვნა გაგვეზრდება და ასეც არის, მოთხოვნა წლიდან წლამდე გვეზრდება ენერგორესურსებზე, მათ შორის, ბუნებრივ აირზე. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ეკონომიკის შეუფერხებელი ზრდა და ასევე ენერგომომარაგება, ეს მთავრობის მთავარი ამოცანაა“, - განაცხადა მან.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, დღეისათვის საქართველო აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან იღებს ყველაზე უფრო იაფად გაზს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა რეგიონში და საქართველოს სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე აქვს საშუალება, არ იყოს დამოკიდებული ერთ მომწოდებელზე.
თბილისში 1 იანვრიდან კომერციული გაზის ფასი ძვირდება >>
აზერბაიჯანი წლების განმავლობაში საქართველოში ბუნებრივი აირის ძირითადი მომწოდებელია, მაგრამ ბოლო დროს გაიზარდა იმპორტი რუსეთიდან.
აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ექსპორტირებულია 1,7 მილიარდი კუბური მეტრი გაზი - 10,5%-ით ნაკლები 2022 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის 10 თვეში რუსეთიდან 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტი გაზი შემოვიდა - 101,6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.
ყველა ახალი ამბავი
0