კობახიძე უნგრეთში საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს განიხილავს

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2023
გამოწერა
ირაკლი კობახიძე უნგრეთში ქვეყნის ვიცე-პრემიერ ზოლტ სემიენის მიწვევით გაემგზავრა.
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნგრეთში ჩავიდა, რათა საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები განიხილოს.
კობახიძე უნგრეთში ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტით ქვეყნის ვიცე-პრემიერ ზოლტ სემიენის მიწვევით სამშაბათს, 5 დეკემბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე იანოშ ლატორკაისთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯუდიტ ვარგასთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრ იანოშ ბოკასთან.
„კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე უნგრეთში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რათა ერთად ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება", - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, საქართველოს უნგრელ პარტნიორებთან მუდმივი თანამშრომლობა აქვს, რათა მხარდაჭერა უფრო გაძლიერდეს.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთ კვირაში, როდესაც განიხილება საბოლოოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, საქართველოს უნგრეთის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ექნება, ჩვენ ამ თემაზეც გვექნება საუბარი ჩვენს უნგრელ პარტნიორებთან“, - განაცხადა კობახიძემ.
მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია უნგრეთთან თანამშრომლობის გაღრმავება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. ნაბიჯებს შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ
მნიშვნელოვანი თანამშრომლობა
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
უნგრეთი დაინტერესებულია საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებით>>>
ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საქართველოსა და უნგრეთს შორის 2013 წლიდან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე სახელმწიფოთშორისი კომისია ფუნქციონირებს.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა საქართველოს დიდი პოტენციალის შესახებ განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით და მის, როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობაზე.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
ყველა ახალი ამბავი
0