ეროვნულმა ბანკმა კონტრციკლური ბუფერის განაკვეთის ზრდის გრაფიკი განსაზღვრა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2023
გამოწერა
კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური შემადგენლის შენარჩუნება განპირობებულია ქვეყნის ფინანსური სტაბილურობით, აღნიშნეს ეროვნულ ბანკში.
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულმა ბანკებმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის განაკვეთი კონკრეტული გრაფიკით უნდა დააგროვონ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა.
კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი არის დამატებითი მოთხოვნა ბანკების კაპიტალის მიმართ, რომელიც მინიმალური მოთხოვნებს ემატება.
2018 წლიდან კონტრციკლური ბუფერი ნულის ტოლი იყო და ჭარბი დაკრედიტების შემთხვევაში იზრდებოდა. 2023 წლის მარტში კომიტეტის გადაწყვეტილებით, კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური (საბაზისო) განაკვეთი 1%-ზე დაწესდა და ბანკებს მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის ერთი წელი ჰქონდათ.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბანკებს ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერის დაგროვება შემდეგი განრიგით მოეთხოვებათ: 2024 წლის 15 მარტისთვის - 0,25 პროცენტი, 2025 წლის 15 მარტისთვის - 0,5 პროცენტი, 2026 წლის 15 მარტისთვის - 0,75 პროცენტი, 2027 წლის 15 მარტისთვის - 1 პროცენტი.
ეროვნულმა ბანკმა დაკრედიტების პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილება მიიღო - სიახლეები>>
დამატებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 25%-დან 20 %-მდე შეამცირა.
ეროვნულ ბანკის მონაცემებით, კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური შემადგენლის შენარჩუნება განპირობებულია ქვეყნის ფინანსური სტაბილურობით.
„საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას კვლავაც შეუფერხებლად განაგრძობს. 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ბანკებს კაპიტალის და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ. გასულ წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია აქტივების ხარისხიც", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ამასთან, რეგულატორი აღნიშნავს, რომ 2023 წლის ოქტომბერში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით, 16.2% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს-სესხების ზრდით არის განპირობებული
„კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობისა და ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ სესხების მშპ-სთან ფარდობა მის გრძელვადიან ტრენდს 2024 წელს დაუახლოვდება. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება", - ნათქვამია განცხადებაში.
„თიბისი ბანკისა" და „საქართველოს ბანკისთვის" სისტემური კაპიტალის ბუფერი შეადგენს 2,5%-ს, ხოლო „ლიბერთი ბაკისთვის" – 1%-ს.
ყველა ახალი ამბავი
0