საქართველოს პრემიერი გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტში მონაწილეობს

© Сourtesy of Georgian Governmentანტონიუ გუტერეში, ირაკლი ღარიბაშვილი და შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანი
ანტონიუ გუტერეში, ირაკლი ღარიბაშვილი და შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანი  - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2023
გამოწერა
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის ფარგლებში მსოფლიო ლიდერების სამიტში მონაწილეობს, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.
დუბაიში 30 ნოემბერს გაეროს ჩარჩო კონვენციის 28-ე კონფერენცია დაიწყო კლიმატის ცვლილების შესახებ (COP28). მასში მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის 70 ათასი დელეგაცია. სამიტი 12 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
„მოხარული ვარ, დავესწრო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციას არაბთა გაერთიანებული საამიროებში, ქალაქ დუბაიში და წარმოვაჩინო საქართველოს ხედვა კლიმატის ცვლილებების სულ უფრო მზარდ და მწვავე გლობალურ ეფექტთან გამკლავების შესახებ. საქართველო ერთგულია კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობის გაძლიერების იდეისადმი, მათ შორის გარემოსადმი კეთილგანწყობილი პროექტების განხორციელების გზით", - დაწერა პრემიერმა სოციალურ ქსელ Х-ში (ტვიტერი).
Dubai Expo-ში, სადაც კონფერენცია იმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში დახვდნენ.
სამიტის მონაწილე ლიდერებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფემ ჩარლზ III-მ.
100 მლრდ დოლარი კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლისთვის - ADB-ს პრეზიდენტმა გეგმებზე ისაუბრა>>
უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, კონფერენციაზე საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა. გარდა ამისა, ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს არაბთა გაერთიანებული საამიროების დაარსებიდან 52 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში, რომელიც 2 დეკემბერს აღინიშნება.
კლიმატის სამიტის მონაწილეთა მთავარი ამოცანა პარიზის ხელშეკრულების მიზნების მიღწევაში პროგრესის ანალიზი იქნება. შეთანხმება 2015 წლის 12 დეკემბერს 21-ე კონფერენციის შედეგების მიხედვით პარიზში გაფორმდა. კონფერენცია მიეძღვნა ჩარჩო-კონვენციას კლიმატის ცვლილების შესახებ. ეს პირველი გლობალური შეთანხმებაა კლიმატის შესახებ, რომელიც 190 ქვეყნის მიერ არის ხელმოწერილი და გლობალური დათბობის შესაკავებლად მსოფლიო სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს.
ყველა ახალი ამბავი
0