„საუკუნის შტორმი" - რიჟვაძემ უწყებების მუშაობა შეაფასა

© Batumi City Hallშტორმი ბათუმში
შტორმი ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2023
გამოწერა
შტორმისა და ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულები სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებენ
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. აჭარის ყველა შესაბამისი სამსახური სტიქიური უბედურების პირველივე წუთებიდან იყო მობილიზებული და უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
27 ნოემბერს საქართველოს შავი ზღვის კურორტებზე უამინდობამ პრობლემები შექმნა. ზღვაზე 7–8-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა, რომელმაც ბათუმისა და ქობულეთის სანაპირო ზოლისა და ბულვარის ინფრასტრუქტურა დააზიანა, ასევე დატბორა მიმდებარე ქუჩები. სპეციალისტების თქმით, შავ ზღვაზე ასეთი შტორმი 100 წლის განმავლობაში არ ყოფილა.
„სტიქიის პირველივე წუთებიდან ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული და უწყვეტად ხდებოდა რეაგირება. უკვე მიმდინარეობს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები", - განაცხადა რიჟვაძემ.
აჭარის მეთაურის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით უკვე გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც გაიცა დავალებები დაზიანებული ინფრასტრუქტურის უსწრაფესად აღდგენასთან დაკავშირებით და ასევე დაზარალებული მოქალაქეებისა და კერძო მეწარმეების დახმარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე.
„ამ დროისთვის მიმდინარეობს ზარალის დეტალური დათვლა.ასევე მინდა აღვნიშნო, რომ შტორმს უხვი ნალექი ახლდა და კარგია, რომ მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში შეინიშნებოდა დატბორვა", - განაცხადა რიჟვაძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იმ ნაპირდაცვითმა ღონისძიებებმა, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბოლო წლებში განახორციელა, იმუშავა. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ზიანი კიდევ უფრო დიდი ყოფილიყო.
„საბედნიეროდ, არ გვქონია ადამიანების დაშავების შემთხვევები ან სხვა მძიმე ფაქტები", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, ოპონენტები მიჩვეული არიან ხელისუფლების კრიტიკას ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის სტიქიური უბედურების გამო და ამასთან, არ ითვალისწინებენ ქარიშხლის სიძლიერეს და იმას, რამდენად დაზარალდნენ შავი ზღვის სანაპიროს სხვა ქვეყნები.
ზარალის დათვლის შემდეგ არცერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ და ძალიან მალე აღვადგენთ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას, დასძინა რიჟვაძემ.
ყველა ახალი ამბავი
0