ბათუმს განაშენიანების გენერალური გეგმა ექნება

© photo: Sputnik / Stringerბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2023
გამოწერა
ძველი ბათუმის აღსადგენად დაახლოებით 75 მილიონი დოლარი გამოიყოფა.
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პირველ კურორტ ქალაქს, ბათუმს პირველად ექნება განაშენიანების გენერალური გეგმა, რომელიც ავარიული სახლების პრობლემის გადაჭრას დაეხმარება და ეს ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" ყოფნის დროს მოხდება, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
ავარიული სახლების საკითხი განსაკუთრებულად აქტუალური ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გახდა. ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი სახლის ერთ-ერთი სადარბაზო 2021 წლის 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის - სამი ბავშვი.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბათუმს პირველად ექნება განაშენიანების გენერალური გეგმა, რომელზეც ბათუმის მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს. ბათუმს ორი მთავარი გამოწვევა აქვს; ერთი არის, რომ შევინარჩუნოთ ის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ფასეულია და ამავე დროს ძალიან სწრაფად მოვახდინოთ ავარიული სახლების ჩანაცვლება", - აღნიშნა რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის მეთაურის თქმით, ძველი ბათუმის აღდგენის პროექტი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს.
„ამ მიმართულებით 200 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული და შემდეგი სამი წლის განმავლობაში ის 3 ათასი ოჯახი, რომელიც ავარიულ, საშიშ პირობებში ცხოვრობს, ახალი საცხოვრისით იქნება დაკმაყოფილებული", - განაცხადა რიჟვაძემ.
2023 წლის აპრილის მონაცემებით, ბათუმში ავარიულის სტატუსი 140-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს აქვს.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხს არეგულირებს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ", სადაც მკაფიოდ არის მითითებული, რომ ცენტრალური მთავრობის გარდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა აჭარის შესაბამისი ორგანოების კომპეტენციაში შედის.
ყველა ახალი ამბავი
0