ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტი: ინვესტორის შერჩევის ვადები დაზუსტებულია

© photo: Sputnik / Stringerანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2023
გამოწერა
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ორი უცხოური კომპანიიდან ერთ-ერთი - შვეიცარიულ-ლუქსენბურგული კომპანია ან ჩინეურ-სინგაპურული კონსორციუმი ააშენებს
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში სახელმწიფოს კერძო პარტნიორი კომპანია 2024 წელს გამოვლინდება, ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფოს კერძო პარტნიორი 2023 წლის ბოლომდე კონკურსის საფუძველზე ორი უცხოური კომპანიიდან ერთ-ერთი - შვეიცარიულ-ლუქსენბურგული კომპანია ან ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი უნდა გამხდარიყო.
მთავრობის ინფორმაციით, 2024 წელს გამოვლინდება კერძო პარტნიორი, რომელთანაც გაფორმდება კონცესიის ხელშეკრულება.
კონცესია არის პრივატიზაციის მეთოდი, რომლის დროსაც კერძო ინვესტორი, ფიქსირებული საზღაურისა ან მოგებიდან გარკვეული პროცენტის სანაცვლოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების გამოყენების უფლებას მოიპოვებს. კონცესიით მიღებული შემოსავლის დარჩენილი ნაწილი კერძო ინვესტორის განკარგულებაშია.
„ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევის პროცესი, რომელიც სახელმწიფოსთან თანამონაწილეობით განავითარებს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ინფრასტრუქტურას“, - ნათქვამია განცხადებაში.
თავად ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ისევე როგორც საზღვაო სამშენებლო სამუშაოები, 2024 წელს დაიწყება.
ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის - დავითაშვილი ანაკლიის პორტის მშენებლობაზე >>
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება. ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ გაწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" და ინვესტორი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.
პორტის მშენებლობაზე 70 მლნ ლარი გამოიყოფა. 2024 წელს 50 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო 20 მილიონი 2023 წელს გამოიყო.
ყველაფერი ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის განახლების შესახებ განაცხადა, 2023 წლის მარტში შეიქმნა სახელმწიფო კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური".
ახალი კომპანია ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლებას უზრუნველყოფს და მთავრობის თავდაპირველი გათვლით, 2023 წლის შემოდგომაზე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს.
„საზღვაო ნავსადგურის" კაპიტალი 3 მლნ ლარს შეადგენს. ის ეკუთვნის სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას". დირექტორია ზურაბ სიჭინავა.
რამდენს დახარჯავს სახელმწიფო ანაკლიის პორტზე 2024 წელს>>>
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს "თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.
წყარო - მთავრობის ადმინისტრაცია
ყველა ახალი ამბავი
0