დეპუტატი: როგორც არ უნდა მოიქცეს ოპოზიცია, საქართველოში რეფორმები მაინც განხორციელდება

© Ministry of Justice of Georgiaმიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2023
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმები განახორციელოს, განაცხადა „ქართული ოცნების" დეპუტატმა.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. თუ ოპოზიცია თავის შეცდომებს აღიარებს და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების საკითხთან მიმართებით კონსტრუქციულ დიალოგზე გადავა, მათთვის ბევრი რამ შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს, თუ ასე არ მოხდება - რეფორმები ქვეყანაში მაინც განხორციელდება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. ნაბიჯებს შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
„ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროკომისიის ცხრა პრიორიტეტის შესასრულებლად პროცესი იყოს ინკლუზიური, არსებობდეს ამის შესაძლებლობა და განხორციელდეს ქვეყნისთვის აუცილებელი ეს რეფორმები. ოპოზიცია თუ გამონახავს საკუთარ თავში ძალას, რომ აღიაროს წინა წელს დაშვებული შეცდომა და გადავიდეს კონსტრუქციულობის რელსებზე, შესაძლოა, ბევრი რამ მათთვის სასიკეთოდ შემობრუნდეს. თუ ეს ასე არ იქნება, ქვეყანაში რეფორმები მაინც განხორციელდება“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ორშაბათს, საქართველოს მთავრობა ვროპასთან ინტეგრაციის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე ევროკომისიის ახალი პირობების შესასრულებლად სამოქმედო გეგმის დეტალებზე იმსჯელებს.
პაპუაშვილი: ხელისუფლება ევროკომისიის ცხრა ახალი პირობის შესასრულებლად გეგმას შეიმუშავებს>>>
როგორც ადრე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ევროკომისიის ცხრა პირობაზე მუშაობა ბევრად მარტივი იქნება, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უკვე შეასრულა წინა 12 მოთხოვნის 80% ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ყველა ახალი ამბავი
0