შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილს - სალომე ზურაბიშვილის პასუხი

© Parliament of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2023
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეწყალებასთან დაკავშირებულ თავის გადაწყვეტილებებზე საუბარს არ აპირებს.
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა ისაუბროს მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ჟურნალისტის კითხვის შემდეგ, აპირებს თუ არა მის შეწყალებას.
20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე სააკაშვილმა, რომელიც პროცესს დისტანციურად ჩაერთო, განაცხადა რომ ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაუბრუნოს შვილებს მამა და აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში.
„მე აქ არ ვარ მოსული, რომ არც სტალინზე და არც სააკაშვილზე ვილაპარაკო. 7 ნოემბერს ვმონაწილეობდი და ეს იყო ქართველი ხალხის ბრძოლა. ამაზე სხვა სათქმელი არ მაქვს.– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გორში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე.
ამასთან სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეწყალებასთან დაკავშირებულ თავის გადაწყვეტილებებზე საუბარს არ აპირებს.
„მე აქ არავის შეწყალებაზე არ ვსაუბრობ და კითხვებზე არ ვპასუხობ, ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
როდის დააბრუნებენ სააკაშვილს ციხეში - იუსტიციის მინისტრს მისი გამოჯანმრთელება ახარებს>>>
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ყველა ახალი ამბავი
0