საქართველოში სარკინიგზო გადაზიდვები იზრდება

© photo: Sputnik / Stringerსამგზავრო მატარებელი
სამგზავრო მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2023
გამოწერა
საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 19,5 ათასი მგზავრი, რაც 22,9%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. 2023 წლის მესამე კვარტალში „საქართველოს რკინიგზის" მომსახურებით 739,9 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 223,9 მლნ მგზავრი/კილომეტრი შეადგინა, რაც 33%-ით მეტია.
ივლისი-სექტემბერში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 717,4 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 97,4%-ს შეადგენს და 35,7%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
რამდენი გამოიმუშავა „საქართველოს რკინიგზამ" - მონაცემები>>>
საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 19,5 ათასი მგზავრი, რაც 22,9%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 77,5% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 22,5%.
საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა.
საქართველოს რკინიგზის" მიღწევები
აქტივების გაუფასურებისა და ლარის დევალვაციის გამო 2016 წლის შემდეგ „საქართველოს რკინიგზა" ზარალზე მუშაობდა. 2021 წელს, მიუხედავად პანდემიისა და სხვა გამოწვევებისა, კომპანიის ხელმძღვანელობამ შეძლო ნეგატიური ტენდენციის გარდატეხა და წელიწადის მოგებით დასრულება.
სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზამ" 2022 წელი რეკორდული მოგებით – 396,7 მლნ ლარით დაასრულა, ხოლო წმინდა ფინანსურმა შემოსავალმა 178,9 მლნ ლარი შეადგინა.
წმინდა ფინანსური შემოსავალი ძირითადად გაიზარდა 2021 წლის ევროობლიგაციების რეფინანსირების შედეგად საპროცენტო ხარჯების შემცირების, ასევე აშშ დოლარის მიმართ ლარის გამყარების გამო.
„საქართველოს რკინიგზამ“ 2022 წელი რეკორდული მოგებით დაასრულა>>>
კომპანიის საოპერაციო შემოსავალი 23%-ით გაიზარდა და 674,8 მლნ ლარი შეადგინა. დადებითი მაჩვენებლები განპირობებულია გადაზიდვების რეკორდული და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდით.
2022 წელს ტვირთების გადაზიდვებიდან შემოსავალმა 388,4 მლნ ლარი შეადგინა. 77%-ით გაიზარდა შემოსავალი ლოჯისტიკური მომსახურებიდან, რამაც კომპანიას 123,1 მლნ ლარი მოუტანა. 2022 წელს მგზავრთა გადაზიდვებიდან შემოსავალი, 2021 წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა და 27,4 მლნ ლარი შეადგინა.
კომპანია აგრძელებს ლიკვიდურობის გაუმჯობესებას. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ორგანიზაციის ბალანსზე არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების მოცულობამ 274,6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ ფულადი სახსრების ბალანსს 62,4 მლნ ლარით აღემატება.
სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა" როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელია. ის თავად ადგენს ტარიფებს მგზავრებისა და ტვირთების გადაზიდვაზე.
„საქართველოს რკინიგზა“ „აღმოსავლეთი–დასავლეთის“ სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს სარკინიგზო გზების საერთო სიგრძე 1.324 კილომეტრს შეადგენს. სისტემაში შედის 45 გვირაბი და 1.714 ხიდი, ასევე ბორნით გადაზიდვა.
სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად არის როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელი. მას გადააქვს სხვადასხვა სახის ტვირთი, ძირითადად, კასპიის ზღვიდან და შუა აზიიდან შავ ზღვამდე. საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს ასევე შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც ამ სფეროში სერიოზულ ინვესტიციებს აბანდებს. ამასთან დაკავშირებით ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, ახალი „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ტოტი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.
ყველა ახალი ამბავი
0