საქმე რომელიც ქართველ ქალბატონს მონატრებამ დააწყებინა

© FB/gulnara mikanadze-svanidzeგულნარა მიქანაძე
გულნარა მიქანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2023
გამოწერა
გულნარა მიქანაძე-სვანიძის კოლექციაში 500-ზე მეტი თოჯინური ასლია.
ნოსტალგია ისეთი რამაა, რომ ცხოვრებაში ბევრ უჩვეულო საქმეს დაგაწყებინებს. სამშობლოსგან შორს მყოფი გულნარა მიქანაძე-სვანიძის ამბავიც მსგავსია. ის წლებია იტალიაში ცხოვრობს, ერთ მშვენიერ დღეს, თოჯინების ქსოვა დაიწყო. შემდეგ კი ხელნაკეთ ორეულებს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს უგზავნის. მათ შორის, ცნობადებიც არიან და სოციალურ ქსელებში გაცნობილი ადამიანები, რომლის ორეულებსაც მათივე ფოტოების მიხედვით აკეთებს.
- ქალბატონო გულნარა, იტალიაში რომელი წლიდან ხართ და რატომ დაიწყეთ თოჯინების ქსოვა?
-იტალიაში 2003 წლიდან ვარ, სამშობლოდან მოწყვეტილი ადამიანისთვის ნოსტალგიის ერთ-ერთი შემამსუბუქებელი საშუალება სოციალური ქსელია. რაც შეეხება ჩემს თოჯინებს, პირველად მათი კეთების სურვილი კობა ჭუმბურიძის საინტერესო ნოველების კითხვის დროს გამიჩნდა. ერთ–ერთი ასეთი ნოველა ზღვის შესახებ იყო. მეც, ბათუმის ზღვას მონატრებულმა, თოჯინები საზღვაო კოსტუმებში გამოწყობილი მოვქსოვე. ისეთი საინტერესო გამოვიდა, რომ ბევრს სურვილი გაუჩნდა, მათი თოჯინაც მომექსოვა.
© FB/gulnara mikanadze-svanidzeგულნარა მიქანაძის თოჯინები
გულნარა მიქანაძის თოჯინები - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2023
გულნარა მიქანაძის თოჯინები
-ეს გატაცება ბავშვობისდროინდელი ხომ არ არის?
- ასეცაა. სკოლაში შრომას ტატიანა შევარდნაძე მასწავლიდა, რომელმაც ყაისნაღითა და ჩხირებით ქსოვა მეხუთე კლასიდან შემაყვარა. შემდეგ ამ საქმეს თავად ვასწავლიდი, ჯერ სკოლაში, შემდეგ, „შრომითი სწავლების მეთოდიკას" კოლეჯსა და უნივერსიტეტში.
– რთულია მსგავსი თოჯინების დამზადება?
- მინდა გითხრათ, რომ ადვილი არ არის. ჩემს მინიატურულ თოჯინებს ხელოვნური ძაფით ვქსოვ და მათში ხელოვნურ ბამბას ვათავსებ, რადგან ნატურალური უფრო მძიმეა და თანაც მალე ფუჭდება. ასე რომ, ჩემი თოჯინები მომხიბვლელობას წლობით ინარჩუნებენ. მათ კიდურებში მავთული აქვთ დატანებული, ასე რომ, ისინი თოჯინური ანიმაციური ფილმებისთვისაც გამოდგება.
-ვიცი, რომ იტალიაში უკვე გიცნობენ ხელოვნების ადგილობრივი მოყვარულები...
– იტალიაში უკვე მქონდა რამდენიმე გამოფენა და ჩემი წიგნიც გამოვიდა. იტალიელებს მოეწონათ ჩემი ნახელავი და უკვირთ, ასე პატარა თოჯინებს რეალურ არსებებს მხოლოდ მათივე ფოტოებიდან როგორ დავამსგავსე. რაც შეეხება, ჩემს წიგნს "დაუვიწყარი ერთი წელიწადი", ცხოვრებისეულია და მასში ყველა თაობის მკითხველი მისთვის საჭირო ჭკუის სასწავლებელ ამბავს აღმოაჩენს. ძალიან მიხარია, რომ ჩემი თოჯინები ადამიანებს სიხარულს ანიჭებენ, რადგან მათ სიყვარულით ვაკეთებ.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0