აშშ-ში ქართული ღვინის მეექვსე ფორუმი გაიმართა

© photo: Sputnik / Stringerქართული ღვინის გამოფენა
ქართული ღვინის გამოფენა - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2023
გამოწერა
აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.
თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქებში ოსტინსა და ჰიუსტონში ქართული ღვინის რიგით მეექვსე ფორუმი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ორდღიანი პროგრამა მოიცავდა კონფერენციას, რომელიც ქალაქ ოსტინში - ტეხასის უნივერსიტეტში, ქალაქ ჰიუსტონში კი რაისის უნივერსიტეტში მეცნიერების, ეკონომისტების, მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლების და ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით გაიმართა.
ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ტრადიციულად დიდი იყო ღვინის პროფესიონალებისა და მასმედიის მხრიდან. ფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ასევე გაცნობოდნენ ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს, მის კულტურასა და ისტორიას.
მიმდინარე წელს კონფერენციის დღის წესრიგი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქართული ღვინო გლობალურ ეკონომიკურ და საბაზრო კონტექსტში, ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია, ქართული ღვინის მარკეტინკული პოტენციალი აშშ-ის ბაზარზე, ქართული ღვინის ინდუსტრიის მოკლე მიმოხილვა, ქართული ველური და კულტურული ჯიშების მახასიათებლები და სხვ.
კონფერენცია ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველო-ამერიკის ბიზნეს-საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა.
ქართული ღვინო RAW WINE-ის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა>>>
აშშ ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ერთი ლიტრის ფასი 6 დოლარს აღემატება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებულმა მარკეტინგულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, რაც კონკრეტულ შედეგებზე აისახა. 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 434 ათასი ლიტრი ღვინო - ზრდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ია.
სააგენტო 2012 წლიდან ეწევა ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში. მსოფლიოს მასშტაბით ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 2023 წლის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოიყო, რაც გასულ წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0