მსოფლიო თასები, საერთაშორისო ფორუმები: საქართველო მსოფლიო დონის ღონისძიებებისთვის ემზადება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2023
გამოწერა
НовостиTelegram
საქართველოს სათხილამურო კურორტები ყოველწლიურად უმასპინძლებს ზამთრის სპორტის საერთაშორისო თასის ეტაპებს.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. 2024 წელს საქართველოში ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება - სათხილამურო მსოფლიო თასების ეტაპები და ტურიზმის მსოფლიო დღე, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანამ უკვე დაიწყო მზადება ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩასატარებლად.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გადაწყვეტილებით, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურად უმასპინძლებენ ზამთრის სპორტის საერთაშორისო დონის მსოფლიო თასის ეტაპებს.
2023-2024 წლების ზამთრის სეზონში მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპები მოგულისა და სათხილამურო კროსის დისციპლინებში ბაკურიანში, ხოლო გუდაურში - სნოუბორდ კროსის დისციპლინებში გაიმართება. გუდაური და ბაკურიანი, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპების მასპინძლები, FIS-ის კალენდარში უკვე მონიშნულია.
პირველად ისტორიაში: საქართველო მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს>>
რაც შეეხება ტურიზმის მსოფლიო დღეს, ის ყოველწლიურად 27 სექტემბერს გაეროს ეგიდით აღინიშნება. მომავალ წელს მას საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ფორუმით აღნიშნავენ. ევროპულმა ქვეყნებმა, რომლებიც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი არიან, ერთხმად გამოხატეს მხარდაჭერა და შედეგად, საქართველოს 2024 წელს ტურიზმის მსოფლიო დღის მასპინძლის ტიტული გადაეცა. საქართველო ტურისტული ინდუსტრიისა და საავიაციო სექტორის სამ ათასამდე წამყვან წარმომადგენელს უმასპინძლებს.
სხვა ღონისძიებები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს მიმდინარე პროექტები და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები გააცნეს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, ასოციაციების, აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საკურორტო ზონების განვითარებასა და სამთო-სათხილამურო კურორტების ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე.
„დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია კვლავ ერთ-ერთი სწრაფად მზარდი იქნება მსოფლიოში, შემოვიტანთ უფრო მეტ შემოსავალს ტურიზმის ინდუსტრიიდან ქვეყნის ეკონომიკაში. კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით ქვეყანაში შეიქმნება კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი, რომელიც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერებაზე", - განაცხადა შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა.
ქვრივიშვილის თქმით, 2024 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ კამპანიას იწყებს ღვინისა და ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციისათვის. ასევე იგეგმება ინფლუენსერების აქტივაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც სოციალური ქსელებით ინფლუენსერები გააზიარებენ თავიანთ გამოცდილებას საქართველოს შესახებ.
საქართველო საქმიანი ტურიზმის ცენტრი ხდება>>
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია გეგმავს მარკეტინგული საქმიანობის გააქტიურებას ევროკავშირის, სკანდინავიის, ყურის ქვეყნების, აშშ-ის, ჩინეთის, ინდოეთისა და იაპონიის ტურისტულ ბაზარზე. გარდა ამისა, მომავალ წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 21 ტურისტულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას, მოაწყობს ციფრულ მარკეტინგულ კამპანიებს, უმასპინძლებს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებსა და ბლოგერებს, გაიმართება გაცნობითი ტურები საერთაშორისო ტურისტული კომპანიებისთვის.
საქმიანი ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართება 10 ღონისძიება, მათ შორის საქართველოში ჩატარდება მასშტაბური ფორუმი M&I თბილისში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0