„მოულოდნელია“ – ალეკო ელისაშვილი კრამონის განცხადებაზე

© photo: Sputnik / Stringerალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2023
გამოწერა
ოპოზიციონერის აზრით, პროტესტის შემთხვევაში ხალხს ვერაფერი შეაჩერებს.
თბილისი, 17ნოემბერი – Sputnik. გაუგებარი და მოულოდნელია, რომ ევროპარლამენტის ერთ–ერთი დეპუტატი იმისთვის იცლის, რომ თბილისის ერთი კონკრეტული ქუჩის რეაბილიტაციაზე კომენტარი გააკეთოს, განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ევროპარლამენტის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაზე კომენტარისას.
გერმანელმა პოლიტიკოსმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამოირჩევა, რუსთაველის გამზირის აღდგენის სამუშაოებში, რაც 2024 წლიდან არის დაგეგმილი, პოლიტიკური მიზანი დაინახა. „ცენტრალური გამზირის ბლოკირება არჩევნების წელს პრობლემის გადაჭრის ტიპური საბჭოური სტილია“, – დაწერა კრამონმა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაში იმალება ხელისუფლების შიში, რომ როგორმე წინ აღუდგეს მოსალოდნელ პროტესტს.
„ცოტა მოულოდნელია, ერთი კონკრეტული ქუჩის რეაბილიტაციაზე კომენტარისთვის ერთ-ერთ ევროპარლამენტარს რომ სცალია. ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარი ამბავია, ისევე, როგორც გაუგებარია, რატომ სჭირდება ამხელა რეაბილიტაცია რუსთაველის გამზირს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისი აზრით, პროტესტის შემთხვევაში ხალხს ვერაფერი შეაჩერებს.
„ხალხის მძვინვარება თუ იქნა, გინდა რეაბილიტაცია იყოს, გინდ ხარაჩო იდგას, გინდ კოშკები შემოაშენონ პარლამენტის შენობას, არც არაფერი უშველის“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ამავე დროს, ოპოზიციონერ დეპუტატს გაუგებრად მიაჩნია, თუ რატომაა საჭირო რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის ამდენი თანხა. ცნობილია, რომ თბილისის მთავარი გამზირის კაპირალური რემონტი ქალაქის ხელისუფლებას 90 მლნ ლარი დაუჯდება, აქედან 60 მლნ შენობების აღდგენას მოხმარდება და დანარჩენი – გზას.
„ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტარის განცხადებას მკვეთრად უპასუხა>>
„ჩემთვის გაუგებარია, რუსთაველის გამზირს რა სჭირს 90-მილიონიანი სარეაბილიტაციო?.. კითხვებია იმასთან დაკავშირებით, რა საჭიროა, კალაძე თბილისში სხვა პრობლემას ვერ ხედავს? გარშემო სახლები ინგრევა, ის არ იცის და მაინცდამაინც რუსთაველს რატომ მიადგა? თან ორი წელი რა აქვს რუსთაველს სარეაბილიტაციო, ვერ ვხვდები“, – განაცხადა ელისაშვილმა.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე 15 ნოემბერს განაცხადა. გამზირის რემონტი 2024 წელს დაიწყება და დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება. სამუშაოები სამ ეტაპს მოიცავს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება. გამსვლელი ბარიერი 5%–ია. პარტია, რომელიც ამომრჩევლების ხმების ნახევარს მიიღებს, შეძლებს პრემიერობის კანდიდატის წამოყენებას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
ვიოლა ფონ კრამონი და საქართველო
ვიოლა ფონ კრამონმა მაისში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ შეასრულეს ყველა პირობა, არამედ იმიტომ, რომ ამას ქართველი ხალხი იმსახურებს და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს.
ევროდეპუტატი მონაწილეობდა პოლიციის მიერ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაში, რომელიც 1 აპრილს საქართველოს მთავრობის შენობასთან გაიმართა. გრიგორიადისი დაკავებულია თბილისში 7–9 მარტის აქციების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და საპატრულო ავტომობილის დაწვის გამო.
კატეგორიულად მიუღებელია - სარჯველაძემ ევროდეპუტატი მიკერძოებაში დაადანაშაულა>>
გამოძიების მონაცემებით, 21 წლის მამაკაცი რუსთაველზე აქციების დროს პოლიციელებს ესროდა ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს. მან ასევე ცეცხლი წაუკიდა პოლიციის მანქანას.
მოგვიანებით, ივლისში ფონ კრამონმა განაცხადა, რომ საქართველოს ახალგაზრდა თაობა ამბიციური ევროპული ტიპის თაობაა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და მას ევროპული მომავალი სურს. ევროდეპუტატი დარწმუნებულია, რომ ეს თაობა ცვლილებებს მოიტანს.
ამასთან, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს მიზნის მიღწევაში, ის აპირებს გააგრძელოს ბრძოლა საქართველოსთვის და იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს.
ვიოლა ფონ კრამონმა სექტემბერში განაცხადა, რომ ქართველი ხალხი, მთავრობისგან განსხვავებით, იმსახურებს ევროკავშირის წევრობას. მისი თქმით, დროა, მიიღონ სიგნალი ქართველი ხალხისგან და დაიწყოს ბრძოლა ევროპული მომავლისთვის.
უფრო ადრე მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კრამონი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ აგრესიით გამოირჩევა და თავისი განცხადებებით ქვეყანაში დაძაბულობის კერებს ქმნის.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0