ვალდებულება არ გვაქვს - დავით ნარმანია აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდაზე

© GNERCსემეკის ოფისი
სემეკის ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2023
გამოწერა
საქართველო 1990-იანი წლების დასაწყისში აღებულ ვალდებულებებს ასრულებს, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს და ამის საფასურის გადახდა თავად მოუწევს, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი, GNERC) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
ნარმანიამ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა იმის თაობაზე, რომ რუსეთი აფხაზეთისგან ელექტროენერგიის საფასურის გადახდას ითხოვს, და თუ აფხაზეთი ამას ვერ შეძლებს, გადაიხდის თუ არა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ამ თანხას.
„ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში აფხაზეთი ენერგიას რუსეთიდან იღებს და ისინი თვითონვე არიან პასუხისმგებელი, რომ გადაიხადონ ენერგიის საფასური", - განაცხადა ნარმანიამ.
მისი განმარტებით, აფხაზეთი „ენგურჰესის" მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გარკვეულ რაოდენობას ისედაც იღებს და ქართულ მხარეს სხვა ვალდებულება არა აქვს, ამიტომ აფხაზეთის ელექტროენერგიისთვის საქართველო ასეთ შემთხვევაში არ გადაიხდის.
„ერთადერთი ვალდებულება, რაც 1990-იანი წლებიდან მოდის, ეს არის ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40-60-ზე პროპორციით გაყოფა, რაც ხორციელდება, სხვა რაიმე ვალდებულება ქართულ მხარეს ამ ნაწილში არ აქვს", - აღნიშნა ნარმანიამ.
საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთმა ამ ტერიტორიების სუვერენიტეტი აღიარა, ამის პასუხად საქართველომ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
რატომ არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება?>>
„ენგურჰესზე" სამშენებლო სამუშაოები 1961 წელს დაიწყო, 1978 წელს პირველი აგრეგატი ამუშავდა. მთლიანად ჰესის მშენებლობა 1987 წელს დასრულდა. ამ დროისათვის „ენგურჰესის" დადგმული სიმძლავრე 1.300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს. ზამთრის პერიოდში „ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული თითქმის მთელი ელექტროენერგია აფხაზეთს მიეწოდება.
„ენგურჰესის" კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტს კი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება აკონტროლებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0