ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია - კობახიძემ გამოკითხვის შედეგები შეაფასა

© courtesy of party "Georgian Dream"ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2023
გამოწერა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება, პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5%-ია.
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქართული ოპოზიცია ძალზე მძიმე მდგომარეობაშია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
გამოკითხვა საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ 30 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. გამოკითხვის შედეგების თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს.
კითხვაზე, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" გამოკითხულთა 55%-მა მმართველი პარტია დაასახელა, 20%-მა „ნაციონალური მოძრაობა"/„სტრატეგია აღმაშენებელი".

„დღეს გამოქვეყნდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც ოპოზიცია ძალზე მძიმე მდგომარეობაშია. ამ კვლევის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებული რეიტინგი 20%-ია და ბარიერს (5% – რედ.) ვერცერთი პარტია ვერ გადალახავს “, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, კვლევა მანამდე ჩატარდა, ვიდრე საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისია დადებით რეკომენდაციას გასცემდა.
„რა თქმა უმდა, ოპოზიციასთან მიმართებით ეს პროცენტები უფრო მეტად დაიწევს და სწორედ ეს ანერვიულებს რადიკალურ ოპოზიციას და სწორედ ამიტომ აღიქვამენ ევროკომისიის გადაწყვეტილებას ტრაგიკულად", - განაცხადა კობახიძემ.
8 ნოემბერი იყო შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის. წყალში ჩაეყარათ მთელი ის გეგმები, რომელსაც ისინი უკავშირებდნენ კანდიდატის სტატუსის საკითხს, დასძინა პოლიტიკოსმა.
საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა „ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს - გამოკითხვის შედეგები>>>
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. უკვე 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ქვეყანა სტატუსს მიიღებს, თუ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ყველა, 27 ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ოპოზიციის ორმაგ სტანდარტზე.
„ისინი ამტკიცებდნენ, რომ სტატუსი იყო ხსნა, მილიარდები და ა.შ. დღეს კი ამბობენ, რომ სტატუსი თურმე არაფერს ნიშნავს. აქედან ჩანს, თუ როგორი ყალბი არიან ეს ადამიანები. დარწმუნებული ვართ, რომ 15 დეკემბერს ევროპული საბჭო მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, მოგვანიჭებს სტატუსს და ამისათვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ქართულ საზოგადოებას. ქართველ ხალხს, რომელმაც განსაკუთრებული სიბრძნე გამოავლინა ამ 20 თვის განმავლობაში", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
GORBI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხის შედეგებით, მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ კოალიცია „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის". ამოკითხულთა 3% მხარს უჭერს „ევროპულ საქართველოს" და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის". შემდეგ მოდის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" და „ლეიბორისტული პარტია" - ხმების 2-2%-ით.
პარტიებმა „მოქალაქეები" და „გირჩი" (იაგო ხვიჩია) ხმების 1% მიიღეს. გამოკითხვაში მონაწილე პირთა ხმების 5% კი დანარჩენ პარტიებზე გადანაწილდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0