მენეჯერის წარმატებული საქმიანობა, ანუ როცა ტაბლოზე წარწერა TBILISI ინთება
© photo: courtesy of Maiko Murachashviliმაიკო მურაჩაშვილი

გამოწერა
მაიკო მურაჩაშვილმა კვიპროსის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაამთავრა.
სარეკლამო სააგენტოში მუშაობა საკმაოდ რთულ დროში დაიწყო. 90-იანი წლების ბოლოს დიდი კონკურენცია იყო, მაგრამ სარეკლამო სფეროში დასაქმებულ ხალხს ბიზნესმენების დარწმუნება უწევდა იმაში, რომ მათი პროდუქციის რეკლამირება აუცილებელი იყო და რეკლამა მათ სარგებლობას მოუტანდა. დღეს მენეჯერ მაიკო მურაჩაშვილს ტურიზმისა და სასტუმროების მართვის სფეროში საკმაოდ კარგად იცნობენ. მას შესაბამისი განათლება უცხოეთში აქვს მიღებული. თავის დროზე ამერიკული სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის კურსები გაიარა. გარდა ამისა, ძალიან უყვარს თავისი საქმე და ქვეყანა.
© photo: courtesy of Maiko Murachashviliმაიკო მურაჩაშვილი

მაიკო მურაჩაშვილი
- მაიკო, თქვენი პროფესია მოგზაურობის სიყვარულის გამო შეარჩიეთ?
- დიახ, მოგზაურობაზე მართლა ვგიჟდები და ამიტომ, ვფიქრობ, პროფესიაც შესაფერისი ავირჩიე. ყოველი წლის ნოემბრიდან იწყება საერთაშორისო ტურისტული გამოფენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ის პერიოდია, გვიან გაზაფხულამდე, როცა ჩემი ტურისტული კომპანიით და ჩემ მართვაში მყოფი სასტუმროების პროდუქტებით გამოფენებზე მივეშურები. ამ პერიოდში, ფაქტობრივად, ჩემოდნიდან ბარგს არ ვალაგებ.
- რომელ ქვეყანაში მოგზაურობას გამოარჩევთ?
- ყველა ქვეყანა თავისებურად საინტერესოა და დამამახსოვრდა, მაგრამ ზუსტად ვიცი საუკეთესო მომენტი: როცა აეროპორტის ტაბლოზე ვხედავ წარწერას TBILISI, რადგან ვიცი, რამდენიმე საათში საქართველოში დავბრუნდები.
© photo: courtesy of Maiko Murachashviliმაიკო მურაჩაშვილი

მაიკო მურაჩაშვილი
-როგორ გახდა თქვენი კომპანია პოპულარული და თავიდან რითი დაიწყეთ მუშაობა?
- თავიდან მუშაობა სარეკლამო აგენტად დავიწყე და უკვე ერთ წელიწადში საკუთარი კომპანია მქონდა. პირველ რიგში, ყურადღება საქმისადმი სწორი მიდგომით, კომუნიკაციის უნარით, ხარისხით და პასუხისმგებლობით მოივიქციეთ. რადგან ჩაბარების ვადებს ზუსტად ვიცავდი. მამა გარე რეკლამების დიზაინერია და 40 წელზე მეტია, რაც ამ საქმეში პრაქტიკული გამოცდილება გააჩნია. ამიტომ ავარჩიე ზუსტი სეგმენტი: გარე რეკლამები, სარეკლამო პროდუქტების ბიუჯეტინგი, და საქმიანობა ამ მიმართულებით დავიწყე. პირველი კონტრაქტებიც ძალიან მალე გავაფორმე.
© photo: courtesy of Maiko Murachashviliმაიკო მურაჩაშვილი

მაიკო მურაჩაშვილი
- როდის და რატომ გადაინაცვლეთ ტურიზმის სფეროში?
- უკვე 2007 წელს მივხვდი, სარეკლამო ბაზარი მალე გადაჯერდებოდა, მაგრამ სამაგიეროდ ტურიზმი იდგამდა მძლავრად ფესვებს. რაც მთავარია, ამ სფეროში მაშინ არ გვყავდა პროფესიონალი კადრები. იმ დროისათვის არსებულ რამდენიმე ბრენდ სასტუმროს საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილი მენეჯმენტ-ჯგუფები მართავდა. ეს გახდა ჩემთვის წინაპირობაც და სტიმულიც. მაშინ 2.5 წლით კვიპროსში წავედი სასწავლებლად. ეს იყო ცოდნის, განათლების და პრაქტიკული გამოცდილების მიღების უმნიშვნელოვანესი წლები, რასაც ახლდა უძილობა, დამატებით სამუშაოზე მუშაობის სირთულე და გადატვირთული ყოველდღიური გრაფიკი.
© photo: courtesy of Maiko Murachashviliმაიკო მურაჩაშვილი

მაიკო მურაჩაშვილი
- თუმცა, კარგ სპეციალისტად იქ მიღებული ცოდნის შედეგად ჩამოყალიბდით...
- დიახ, რეალურად ეს იყო პერიოდი, რომელმაც შემქმნა ისეთად, როგორიც დღეს ვარ. პირველი და უმთავრესი, რაც იქ ჩამომიყალიბდა, იყო ნებისყოფა, გამძლეობა და დაუღალავი შრომის უნარი. თანდათან ის თვისებები ცხოვრების წესად მექცა. უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა, რადგან საქართველოში შვილი მელოდებოდა. გარდა ძირითადი კურსისა, დავიმატე სასტუმროს მართვის AH&LA და საერთაშორისო ავიატრანსპორტის ასოციაციის IATA მოდულები. ფაქტობრივად, 2.5 წელიწადში სწავლის სამი სრული კურსი ჩავატიე.
© photo: courtesy of Maiko Murachashviliმაიკო მურაჩაშვილი

მაიკო მურაჩაშვილი
-მოგვიანებით ამერიკაში გაიღრმავეთ ცოდნა, რომელი კურსელი შეარჩიეთ საამისოდ და ამის შემდეგ თქვენი საქმიანობა როგორ წარიმართა?
- ეს იყო ამერიკული სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის კურსები, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. რთულია ლოკალური სასტუმროები საერთაშორისო სტანდარტებით მართო, რადგან ეს გარკვეულ თანხას მოითხოვს. ვცდილობ, ყველა სასტუმრო, სადაც მართვით შევდივარ, ჩვენი პარტნიორებისთვის, ადგილობრივი და უცხოური ტურისტული კომპანიებისთვის მაღალი სანდოობის იყოს, რასაც, ფაქტობრივად, მივაღწიე კიდეც. უცხოეთში მიღებულ გამოცდილებას ვიყენებ ჩემს კომპანიაში, ყველა სასტუმროში, რომლის მენეჯმენტსაც ვახორციელებ. თამამად შემიძლია დღეს ვთქვა, რომ ხარისხის და სანდოობის მაღალი სტანდარტი კარგი განათლების და პრაქტიკული ცოდნის შედეგია.
© photo: courtesy of Maiko Murachashviliმაიკო მურაჩაშვილი

მაიკო მურაჩაშვილი
- თქვენი საქმიანობა არა ერთხელ აღინიშნა...
- მახარებს ის ფაქტი, რომ ამ სფეროში ჩემი საქმიანობა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ არაერთხელ აღინიშნა. 2019 წელს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო სამთო რეზორტად დასახელდა „გუდაური ლოფტი“. ეს იყო ისეთი მნიშვნელოვანი გამარჯვება, რაც მხოლოდ „ოსკარის“ მიღებას შემიძლია შევადარო. „ანაკლია რეზორტი“ კი ზღვისპირა სასტუმროების საუკეთესოთა ხუთეულში შევიდა. ამ წარმატებებში პირადად ჩემი მოკრძალებული შრომაც მოიაზრება.
ნინო მამულაშვილი