2023 წელს ექსპორტის მოცულობა საქართველოში 6 მლრდ დოლარს გადააჭარბებს - მინისტრის მოადგილე

© photo: Sputnikბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2023
გამოწერა
შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების მნიშვნელობას საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ფარგლებში, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის კუთხით დადებითი ტენდენციები ოქტომბერში გაგრძელდა - ექსპორტი 10,4%-ით გაიზარდა, მოსალოდნელი ექსპორტის მოცულობა ექვს მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში სავაჭრო ბრუნვა 16,2%-ით გაიზარდა და 17,8 მლრდ დოლარი შეადგინა. ათ თვეში ექსპორტი ჯამურად 12,5%-ით გაიზარდა და 5,1 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
„საგარეო ვაჭრობის კუთხით პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდა მიმდინარე წლის ოქტომბერშიც - ექსპორტი, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, გაზრდილია 10,4%-ით და მისი მოცულობა 495 მლნ აშშ დოლარს აღემატება. მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ექსპორტის მოცულობა 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეს შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ფარგლებში ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების მნიშვნელობას, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში ექსპორტის პოტენციალის ზრდისა და ეფექტიანი გამოყენების, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ.
2014 წელს ადგილობრივი წარმოების განვითარებისა და წახალისების მიზნით შეიქმნა სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში".
2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, მიმართული ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ.
პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სამრეწველო კომპონენტით და საკრედიტო გარანტიის სქემით, ანუ სუბსიდიით სესხის პროცენტზე და საბანკო უზრუნველყოფით სულ 1,4 ათასმა ბიზნესმენმა ისარგებლა.
პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ენერგეტიკის სექტორსაც დააფინანსებს >>
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.
საუბარია კრედიტების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომელიც მოიცავს საქმიანობის 200-ზე მეტ სახეობას და მიკროგრანტებს, რომლებიც საქმიანობის 300-მდე სახეობას ეხება.
ყველა ახალი ამბავი
0