რამდენი ადამიანი აღმოჩნდა აზარტული თამაშების „შავ სიაში"

© photo: Sputnik / Sergey Pivovarov / გადასვლა მედიაბანკშიკაზინო
კაზინო - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2023
გამოწერა
ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი მოთამაშეა ქვეყანაში, არ არსებობს.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით 1.475.075 პირია შეყვანილი, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 2022 წლის პირველი მარტიდან დღემდე აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებული 10.793 ფიზიკური პირია რეგისტრირებული. აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე - 40 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე - 10.753.
დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა რეესტრს შემოსავლების სამსახური აწარმოებს და სიაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანაა დასაშვები.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონულად - ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან - „დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემის შეტანა".
თუ პირი არ არის რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge, მას შეუძლია ონლაინ ფორმატში მიიღოს აღნიშნული მომსახურება - ვებგვერდის videocall.rs.ge საშუალებით.
ვიდეო ზარით რეგისტრაციის მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც საკუთარი სახელით, ასევე მინდობილი პირის მეშვეობითაც.
სათამაშო ბიზნესის გადასახადები იზრდება>>
რაც შეეხება სიაში პირის შესახებ მონაცემების მოსამართლის ბრძანების საფუძველზე შეტანას, უწყების ცნობით, ოჯახის წევრს აქვს უფლება სასამართლოს განცხადებით მიმართოს.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში 2022 წლის 1 მარტიდან შესული ცვლილებების თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე კონკრეტული პირის ოჯახის წევრს უფლება აქვს შეუზღუდოს მას აზარტულ თამაშებზე წვდომა.
ახალი კანონი ავტომატურად უკრძალავს აზარტულ თამაშებში მონაწილეობას 25 წლამდე პირებს, სოციალურად დაუცველ პირებს, პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეებს.
აზარტული თამაშები საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორიდან შემოსავალი ბანკების შემოსავლებს აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით ათი ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და 6,4 ათასი სათამაშო აპარატია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0