„ლიბერთი ბანკი“ რუსი მილიარდერის სარჩელს გამოეხმაურა

© photo: Sputnik„ლიბერთი ბანკი“
„ლიბერთი ბანკი“ - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2023
გამოწერა
თუ ბანკის რეპუტაციის დამაზიანებელი კამპანია გაგრძელდება, ის იტოვებს უფლებას მიმართოს სასამართლოს და იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. Liberty Bank-მა დისკრედიტაცია უწოდა ბრალდებებს, თითქოსდა რუსი მილიარდერის, ალიშერ უსმანოვის კომპანიის ანგარიშების გახსნისას სანქციების გვერდის ავლა მოხდა.
ქართულმა იურიდიულმა კომპანიამ MKD Law განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის და „ლიბერთი ბანკის“ წინააღმდეგ შეტანილია სარჩელები კომპანია „მეტალოინვესტის“ სახელით, რომელიც რუსული საინვესტიციო ჰოლდინგ USM-ის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ჰოლდინგის 49% უსმანოვს ეკუთვნის. მიმდინარე წლის აპრილიდან, როდესაც კომპანია აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა, მას შეეზღუდა წვდომა რამდენიმე მილიონი ევროს ოდენობის აქტივებზე. სარჩელი შეტანის შემდეგ ქართულმა ოპოზიციამ ბანკი სანქციების გვერდის ავლაში დაადანაშაულა.
„ლიბერთი ბანკი" აცხადებს, რომ ბანკი ზედმიწევნით იცავს საქართველოს კანონმდებლობას, ეროვნული ბანკის რეგულაციებს და საერთაშორისო სანქციებს და ამის პირდაპირი დასტურია სარჩელიც, რომლის მიხედვითაც, დასანქცირებული კომპანია „ლიბერთი ბანკს" საერთაშორისო სანქციების ზედმეტად ფართო და მკაცრ ინტერპრეტაციას ედავება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბანკის მონაცემებით, სანქციების გვერდის ავლაში გაჟღერებული ბრალდება ეფუძნება მხოლოდ იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე არის სანქცირებული კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი ალიშერ უსმანოვი, რომელიც ინდივიდუალურად დასანქცირდა 2022 წლის მარტში, ხოლო მის კომპანიას ჰქონდა წვდომა საბანკო აქტივებზე (მათ შორის „ლიბერთი ბანკში“) უშუალოდ ამ კომპანიის დასანქცირებამდე - 2023 წლის აპრილამდე.
„მიგვაჩნია, რომ ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რადგან ეს ფაქტი ვერ ჩაითვლება სანქციების დარღვევად იმ მიზეზით, რომ 2022 წლის მარტშივე ალიშერ უსმანოვის დასანქცირებისას გამოიცა ე.წ. General License #15 (მოქმედებდა 2023 წლის აპრილამდე), რომლის მიხედვითაც OFAC-მა (The Office of Foreign Assets Control) მკაფიოდ განმარტა, რომ სანქცირებული ალიშერ უსმანოვის მფლობელობაში არსებულ კომპანიებზე არ ვრცელდებოდა სანქციები, თუ ეს კომპანიები თავად არ მოხვდებოდნენ სანქცირებულთა სიაში, რაც მოსარჩელე კომპანიის შემთხვევაში მოხდა მხოლოდ 2023 წლის აპრილში“, - განმარტავს ბანკი.
მოსარჩელე სანქცირებული კომპანია 2023 წლის აპრილამდე სარგებლობდა არა მხოლოდ სს „ლიბერთი ბანკის", არამედ სხვა ევროპული ბანკების მომსახურებითაც.
„2023 წლის აპრილიდან, უშუალოდ კომპანიის დასანქცირების დღიდანვე, კომპანიას მყისიერად შეეზღუდა წვდომა სს „ლიბერთი ბანკში" განთავსებულ აქტივებზეც“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირი საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ ითხოვს - პაპუაშვილი >>
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბანკის რეპუტაციის დამაზიანებელი კამპანიის გაგრძელების შემთხვევაში „ლიბერთი ბანკი" უფლებას იტოვებს მიმართოს სასამართლოს და იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ევროკავშირის ზარალმა ანტირუსული სანქციების შედეგად დაახლოებით 1,5 ტრილიონი დოლარი შეადგინა >>
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
ყველა ახალი ამბავი
0