„მძიმე დღე საქართველოს ისტორიაში" - პოლიტიკოსები 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2023
გამოწერა
7 ნოემბერს შსს-ს ძალებმა თბილისის ცენტრში რამდენიმე ათასი ადამიანისგან შემდგარი აქცია დაარბიეს.
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები გახდა პოლიტიკური ვერდიქტი, რომელიც ქართველმა ხალხმა ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" გამოუტანა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ზუსტად 16 წლის წინ თბილისის ცენტრში პოლიციამ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია დაარბია. ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის გადადგომას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვდა. ამ დღეს დაშავდა 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის პოლიციელები. იმ ღამით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
„სამწუხაროა, რომ ამ რეჟიმის შემოქმედი პარტია ჯერ კიდევ აქტიურია პოლიტიკაში, ამ რეჟიმის შემოქმედი ადამიანი კი, მართალია, ზის ციხეში, უფრო სწორად საავადმყოფოში და კიდევ აქვს ამბიციები, იყოს პოლიტიკაში. 7 ნოემბერი იყო პოლიტიკური განაჩენი, რომელიც მაშინ ქართველმა ხალხმა საბოლოოდ გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ზუსტად მაშინ გამოჩნდა „ნაცმოძრაობის“ სახე და მისი დამოკიდებულება მედიისა და ზოგადად, ადამიანების მიმართ.
„ამიტომაც არის, რომ ქართველი ხალხი არასდროს მიუშვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლების სათავეებთან“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 7 ნოემბერი არის უმძიმესი დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში.
„ეს იყო საქართველოს მოქალაქეების სრულიად სამართლიანი პროტესტი იმჟამინდელი, სრულიად არანორმალური მმართველობის წინააღმდეგ. ამ დღის კულმინაცია იყო ის მოვლენები, რომელიც მედიის წინააღმდეგ განვითარდა. ახლა იმ ხელისუფლების მესვეურების მხრიდან ჭკუის დამრიგებლური საუბრები მედიის თავისუფლებაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებაზე - ყოველივე ეს ჰგავს მგლის თავზე სახარების კითხვას“, - განაცხადა სარჯველაძემ.
2007 წლის 7 ნოემბერს შსს-მ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები და სხვადასხვა ლოკაციაზე მრავალათასიანი აქცია დაარბია.
საღამოს სპეცრაზმი ოპოზიციურ ტელეარხ „იმედში" შეიჭრა, რომელიც ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა და რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას აკრიტიკებდა. სპეცოპერაციის შედეგად „იმედში“ სატელევიზიო ტექნიკა დაზიანდა და მაუწყებლობა გაითიშა.
ყველა ახალი ამბავი
0