ლია ელიავას „სინემა“ - რეჟისორის გახსენება

© პირადი არქივიკინორეჟისორი ლიანა ელიავა
კინორეჟისორი ლიანა ელიავა - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2023
გამოწერა
რეჟისორის ფილმებს უცხოეთის საერთაშორისო ფესტივალებზე წარმატება ხვდა წილად,
ახლახან ჰელსინკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა ქართველი კინორეჟისორი, მწერალი ლია ელიავა, რომელიც 1999 წლიდან ფინეთში ცხოვრობდა. ის ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ოქროს მედლის ლაურეატი, კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის ახალგაზრდული ფესტივალების ლაურეატი და საქართველოს კინოაკადემიის წევრი იყო. გადაღებული აქვს ისეთი გახმაურებული ფილმები,როგორებიცაა: „ბზიანეთი“, „სინემა“, „ფერმა მთაში“, „მშვენიერი კოსტიუმი“, „ეპისკოპოსი ნადირობაზე“.. ის იძულებული გახდა ჯერ კინოდან, მოგვიანებით კი ქვეყნიდანაც წასულიყო. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან თავის განვლილ ცხოვრებაზე დაწერაწიგნი „ჩემი სკანდინავია“.
თავის დროზე, ჩვენ თბილისში დროებით ჩამოსულ რეჟისორს დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით მას. რატომღაც ისე ხდება, რომ მსახიობებისა და კინორეჟისორების უმრავლესობა აცხადებს, რომ კინოს სამყაროში შემთხვევის წყალობით მოხვდნენ, ამიტომ ჩვენი პირველი კითხვაც, ბუნებრივია, ამ საკითხზე იყო. ქალბატონმა ლიანამაც დაგვიდასტურა ეს ფაქტი და განაცხადა, რომ მის შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდა. შემდეგ ეს ამბავი გაიხსენა: „მახსოვს, ქუჩაში მივდიოდი, როცა ერთმა რეჟისორმა გამაჩერა და მკითხა, ფილმში გადაღება თუ მინდოდა. მე მსახიობობაზე ცხოვრებაში მართლა არ მიოცნებია, მაგრამ გადასაღებ მოედანზე რომ მივედი, ისე მოვიხიბლე იქ არსებული სიტუაციით, რომ მსახიობობა არა, მაგრამ რეჟისორობა კი ნამდვილად გადავწყვიტე.
- ქალბატონო ლიანა, იმ პერიოდში უკვე არჩეული გქონდათ სხვა პროფესია?
- დიახ, როცა რეჟისორობა დავაპირე, მაშინ ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. კინოს სიყვარულით დავთანხმდი, რომ ყველაზე დაბალ, მესამე კატეგორიაზე, ანუ რეჟისორის თანაშემწედ მემუშავა. მახსოვს, ერთხელ არნოლდ ჩიქობავას გავექეცი გადასაღებ მოედანზე. მას უნდოდა, რომ არჩეულ პროფესიას გავყოლოდი. რეჟისორის თანაშემწედ სამუშაოდ რომ მივედი, გამოვაცხადე, რომ „ვგიკში“ ჩაბარებისთვის სტაჟი იყო საჭირო და რეკომენდაცია მჭირდებოდა. მოკლედ, ასე დაიწყო ჩემი კინო-ცხოვრება. „ვგიკში“ მიხეილ რომთან მოვხვდი
© კადრი ფილმიდანკადრი ფილმიდან მშვენიერი კოსტიუმი
კადრი ფილმიდან მშვენიერი კოსტიუმი - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2023
კადრი ფილმიდან მშვენიერი კოსტიუმი
—თქვენი ფილმი „ბზიანეთი“ ამ ლეგენდარულმა რეჟისორმა საკურსო და სადიპლომო ნამუშევრად ჩაგითვალათ?
. დიახ, ასეა. საოცარი ადამიანი იყო, უყვარდა ნიჭიერი სტუდენტები და მათ ხელს ყველანაირად უწყობდა. სხვათა შორის, ჩემ ფილმზე „ბზიანეთი“ ელდარ რიაზანოვმა არაჩვეულებრივი რეცენზია დაწერა, ის აღფრთოვანებული იყო. მიუხედავად ამისა, სარეჟისორო მოედანზე ქართველი კონკურენტები ჩემს ნამუშევარს არ უშვებდნენ. ერთხელ მითხრეს, რომ ფილმისთვის ტიტრები ხუთ ენაზე გამეკეთებინა, მაგრამ მერე გავიგე, რომ ფესტივალზე სხვა ქართული ფილმი გაგზავნეს. ხომ იცით, ჩვენთან როგორც ხდება ხოლმე…
- ვიცი, რომ თქვენი ფილმის „სინემა“ სცენარი ლევან ჭელიძეს ეკუთვნის და რამდენიმე რეჟისორმა მასზე უარი თქვა. რა მოხდა მერე?
- დიახ, ამ ფილმის სცენარი რეზო ჩხეიძემ რამდენიმე რეჟისორს შესთავაზა, მაგრამ არავინ აიღო. მახსოვს, ერთი მათგანი ლელა გორდელაძე იყო. მე მომეწონა ის, რადგან მასში საინტერესო მარცვალი იყო იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა კინო და ეს ფაქტი რეტრო ფილმის გადაღების საშუალებას იძლეოდა. მე მომწონს რეტრო, მაგრამ ფილმისთვის სცენარის გადაკეთება მომიწია.
- რას გულისხმობთ?
- სცენარში მას „სოსიკო“ ერქვა, სცენარის მიხედვით გამოდიოდა, რომ სამყაროში კინო ქართველის გამოგონილია. არადა, ყველამ იცის, რომ კინო საფრანგეთში ძმებმა ლუმიერებმა გამოიგონეს და ეს ზღაპარი ვის სჭირდებოდა?! როცა სცენარისტმა ჩემი ფილმი ნახა, დიდი დავიდარაბა ატეხა. ეს იყო თელავის ფესტივალზე, სადაც ფილმი რვა ქართულ ფილმს შორის არ დაუშვეს. აი, მერე კი სასწაული მოხდა!..
© პირადი არქივიკადრი ფილმიდან სინემა
კადრი ფილმიდან სინემა - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2023
კადრი ფილმიდან სინემა
– ფილმს ვენეციის კინოფესტივალზე წარმატება ხვდა წილად..
-მოსკოვშივენეციის ფესტივალის ორგანიზატორები – კინორეჟისორი და თეორეტიკოსი კარლო ლიზანი და მწერალი ალბერტო მორავია ჩამოვიდნენ. წინა წლებში ჩავარდნა იყო და მათ ამ ფესტივალის აღდგენა უნდოდათ. ამ მიზნით ისინი ორგანიზატორების რანგში სხვადასხვა ქვეყანაში ჩადიოდნენ და თავად არჩევდნენ ფილმებს. 200 საბჭოთა ფილმს შორის მათ 20 შეარჩიეს და მათ შორის ჩემი „სინემაც“ მოხვდა. ამ ფილმებს შორის იყო ლანა ღოღობერიძის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, ნიკიტა მიხალკოვის „ხუთი საღამო“, ანდრეი კონჩალოვსკის „სიბირიადა“ და სხვ.
- ამ ფაქტის შესახებ თქვენ არაფერი იცოდით?
- საქმე ისაა, რომ სანამ ამ ფილმს ფესტივალზე გაიტანდნენ, მე დამიკავშირდა იტალიელი ჟურნალისტი კარლო ბენეტი, რათა ჩემგან ამ თემაზე ინტერვიუ აეღო. ჟურნალისტი გაოცებული დარჩა, როცა გაიგო, რომ ამ ფაქტის შესახებ არაფერი ვიცოდი. შერჩეულ საბჭოთა ფილმებს შორის ჩემიც რომ იყო, ეს ამბავი სწორედ მისგან შევიტყვე. როდესაც ფესტივალი დამთავრდა, მოსკოვის კინოცენტრში ვიკითხე, რა გამოხმაურება მოჰყვა ფილმს–მეთქი და იქ მიპასუხეს, რომ ჩვენებამ უკვალოდ ჩაიარაო. მე გამახსენდა იტალიელი ჟურნალისტი, რომელმაც თავისი ტელეფონის ნომერი დამიტოვა და მას დავუკავშირდი. კარლოს გაუხარდა ჩემი ზარი და მითხრა, რომ მთელი საქაღალდე აქვს სავსე გაზეთებით, სადაც ამ ფილმზე აღფრთოვანებული რეცენზიები წერია.
მაშინ რეჟისორის თხოვნით ბაჩანა ბრეგვაძემ იმ რეცენზიებიდან გამორჩეული შეფასებები ქართულად თარგმნა. „ქართველი რეჟისორის ფილმი „სინემა“ პოეზიით სავსე ფილმია“. რომის კინოცენტრის დირექტორი წერდა: „ეს ფილმი სხვა ფილმებს არწივივით დასტრიალებს თავზე“. „ფილმი „სინემა“ სარეველა ბალახით წალეკილ მინდორზე კეთილშობილი ყვავილივითაა“ აქ ვენეციის ფესტივალის „მინდორში“. შეგახსენებთ, რომ იმ წელს ვენეციის ფესტივალზე პრიზები არ გაიცემოდა და, ამდენად, ამგვარი შეფასება მართლაც დიდი წარმატება იყო. ამის შემდეგ ფილმი კონკურსგარეშე აჩვენეს მელბურნის ფესტივალზე, საიდანაც რეჟისორს დიპლომი ჩამოუვიდა.
ჩვენს კითხვაზე: ასე ადრე რატომ შეწყვიტეთ რეჟისორობა? ლიანა ელიავას პასუხი ასეთი იყო:
© პირადი არქივიკინორეჟისორი ლიანა ელიავა
კინორეჟისორი ლიანა ელიავა - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2023
კინორეჟისორი ლიანა ელიავა
-საქართველოში ფილმების გადაღების საშუალებას არ მაძლევდნენ. მე სხვადასხვა ინსტანციებში სიარული და, შეიძლება ითქვას, ამისთვის ბრძოლაც მიწევდა. ძალიან ბევრი სცენარი მქონდა, ისინი თბილისისა და მოსკოვის სამხატვრო საბჭოშიც მქონდა მიტანილი, მაგრამ ისეთი პირობები შემიქმნეს, რომ ფილმები ვეღარ გადავიღე. ასეთი სიტუაციის გამო რეჟისორობა მართლაც ადრე, 40 წლის ასაკში შევწყვიტე. იმ დროს, როცა ეს ასაკი რეჟისორისთვის გაფურჩქვნის ასაკად ითვლება.
რაც შეეხება ფინეთში ცხოვრებას, ბოლო წლებში რეჟისორი ადგილობრივ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს, სადაც საქართველოში მიმდინარე ამბებს განიხილავდა. ფილმის გადაღება არც უცდია.რადგან მისივე სიტყვებით: „ფინეთი პატარა ქვეყანაა, დიდი ბიუჯეტი არ აქვს, ამიტომ მეუხერხულა, რომ ფილმის გადაღების თხოვნით მივსულიყავი. მე ხომ ფინურ ფილმს ვერ გადავიღებ და ქართულს იქ ვინ გადამაღებინებს? სულ ახლახან დამიძახეს და მითხრეს, თქვენს „სინემას“ ვაჩვენებთო და გამიხარდა. ფინეთში ყველაფერია იმისთვის, რომ ადამიანმა ნორმალურად იცხოვროს. სხვათა შორის, ჩემი რომანი იმ ავადმყოფობის დროს დავწერე. ფინეთში ლექსების წერაც დავიწყე. ეს ქვეყანა, გარკვეული გაგებით, უკვე ჩემიც გახდა. მე ძალიან მძიმედ ვიყავი ავად, ფინეთმა ისე მიმკურნალა და მიპატრონა, რომ გამოჯანმრთელების პრობლემა არ შემქმნია. იქ არ იციან განსხვავება ცნობილსა და უცნობ ადამიანს შორის, თავისიანსა და უცხოელს შორის, იქ ყველაზე ერთნაირად ზრუნავენ.
ინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0