დავითაშვილი: ტურიზმის კუთხით მიმდინარე წელი დადებითი დინამიკით დასრულდება

© photo: Sputnik / Stringerტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2023
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიის გამო ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ტურიზმის კუთხით 2023 წლის პოზიტიურ დასასრულს ელოდება, რაც 2024 წელს სფეროს განვითარების კარგი წინაპირობა იქნება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვარდნის შემდეგ საქართველოში ტურიზმმა აღდგენა 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო. 2023 წლის დასაწყისში ტურიზმის მაჩვენებლები პანდემიამდელ პერიოდთან, 2019 წელთან შედარებით 58%-ით აღდგა.
„წინა წელთან შედარებით გვაქვს 29%-იანი ზრდა და ეს არის დამაიმედებელი მაჩვენებელი. გვაქვს მოლოდინი, რომ 2023 წელი ტურიზმის კუთხით პოზიტიურად დაიხურება და კარგი პირობები იქნება 2024 წლისთვისაც", - განაცხადა დავითაშვილმა.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან, გასული წლის ცხრა თვის მონაცემებთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავლები 29,2%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, 2023 წლის სამი კვარტლის შემოსავლებმა 25,9%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.
„აღდგენა მიმდინარეობს, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, ტურისტების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით ჯერ კიდევ ნაკლებია. დღევანდელ რეალობაში ძნელად მისადგომია ტრადიციული ბაზრები. ეს პოტენციალი, ალბათ, მომავალ წლებში ზრდის პოზიტიურად უნდა ჩაითვალოს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
რომელი ქვეყნის ტურისტები ლიდერობენ საქართველოში ხარჯების მხრივ: ეროვნული ბანკის მონაცემები>>>
მისი თქმით, მთავრობა ტურიზმის აღდგენას საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდით გეგმავს, რაზეც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორთან ერთად მუშაობს.
საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 2023 წლის იანვარი–სექტემბერში 43%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 5,6 მლნ შეადგინა.
საქართველომ 2023 წლის ცხრა თვეში 2019 წლის მაჩვენებელი 76,9%-ით აღადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0