რას სთხოვს ქართული არასამთავრობო სექტორი ევროკომისას: ერთობლივი განცხადება

© courtesy of David Narmania
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2023
გამოწერა
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში მოღვაწე 170-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადებით მიმართა ევროკომისიას და სთხოვა, მისცეს საქართველოს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.
ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოოდ გადაწყვეტს, მიენიჭება თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსი. ქვეყანა სტატუსს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
„მოგმართავთ ჩვენი ქვეყნის ერთგულ და ძლიერ ევროპელ მეგობრებს და კონკრეტულად ევროკომისიას, საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს,“ - აღნიშნულია არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაში.
ქართულ არასამთავრობო სექტორს სჯერა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, გარდა იმისა, რომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, ასევე დაეხმარება ქართველ ხალხს, უკეთ გაუმკლავდეს რუსულ ინტერესებს საქართველოში, რადგან მეტი ევროკავშირი ნიშნავს ნაკლებ რუსეთს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს საერთო მისია — დაიცვან და წარმოადგინონ საქართველოს მოქალაქეების ინტერესი, დავიცვან და დაამკვიდრონ ევროპული დემოკრატიული ღირებულებები.
„ჩვენი, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილის ურყევი არჩევანი და სასიცოცხლო ინტერესია, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელშიც თითოეული მოქალაქე იცხოვრებს ღირსეულად - მშვიდობიან, შეძლებულ, თავისუფალ და სამართლიან სახელმწიფოში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების დღიდან, მათი „ძალისხმევა მიმართული იყო იმისაკენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეესრულებინა 12 რეკომენდაცია, რომელსაც უნდა გაეუმჯობესებინა საქართველოს მოქალაქეთა მდგომარეობა“.
ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ დღეს ისინი კარგად ხედავენ იმ სირთულეებს, რომლებიც 12 რეკომენდაციის შესრულებას უკავშირდება, მაგრამ, ამავე დროს, ევროპული არჩევანი საზოგადოების მთავარ მისწრაფებად რჩება, რაც მოქალაქეებს ქმედითი სოლიდარობით აერთიანებს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0