„სიცრუეა" - ჯანდაცვის სამინისტრო ონკოდაავადებული ბავშვების დახმარებაზე გავრცელებულ ხმებზე

© photo: Sputnik / Alexey Kudenkoწვეთოვანი პალატაში
წვეთოვანი პალატაში - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2023
გამოწერა
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ინფორმაცია, თითქოს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები შესაბამის სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ საზღვარგარეთ, სიცრუეა, ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ინკოდაავადებული ბავშვების მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო აფინანსებს. ამჟამად საქართველოში ასეთი დაახლოებით 300 ბავშვია.

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით ვერ სარგებლობენ, არის სიცრუე და დეზინფორმაცია. დაკმაყოფილებულია ყველა ოჯახი, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით", – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს საფრანგეთში იმყოფებიან ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, რომლებსაც სახელმწიფომ საჭირო სამედიცინო მომსახურება ვერ გაუწია, არ დასტურდება. ინფორმაციის შესამოწმებლად ჯანდაცვის სამინისტრომ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიმართა, აღნიშნეს უწყებაში.
ყველა ონკოდაავადებულის ოპერაციას სახელმწიფო დააფინანსებს>>
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ახალი პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვის სრულ მკურნალობას ისრაელის, ესპანეთის და თურქეთის წამყვან კლინიკებში. დღევანდელი მონაცემებით, პროგრამაში 13 ოჯახია ჩართული. სამი ბავშვი უახლოეს დღეებში გაემგზავრება ესპანეთის და თურქეთის კლინიკებში, ოთხ ბავშვთან დაკავშირებით კი კლინიკებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ისინიც უახლოეს დღეებში დაიწყებენ მკურნალობას საზღვარგარეთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

„ხაზგასასმელია, რომ არცერთი ბავშვი საჭირო სერვისის გარეშე არ დარჩენილა", – აღნიშნეს სამინისტროში.

უწყებაში განმარტეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ოჯახმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს.

„სახელმწიფო მზად არის, სრულად დააფინანსოს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვის მკურნალობა, დიაგნოსტიკა და ყველა სამედიცინო მომსახურება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ", – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში ყოველწლიურად ავთვისებიანი სიმსივნე დაახლოებით 150 ბავშვში ვლინდება.
ამ პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან დაახლოებით 30 მლნ ლარია გამოყოფილი. მთავრობა აფინანსებს არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ საცხოვრებელსა და ტრანსპორტირებას.
პროგრამის პირობები
პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს 18 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე (დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდით) პირი.
პროგრამაში მონაწილეობისთვის:
მშობელმა ან ოჯახის წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმღებს (თბილისი, წერეთლის გამზირი №144) და შეავსოს განაცხადის ფორმა, რომელსაც ადგილზე გასცემენ;
ბენეფიციარის და განაცხადის წარმდგენის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობა/პასპორტი);
ბენეფიციარის ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა N IV–100/ა, შესაბამისი ICD–10 და/ან NCSP კოდების მითითებით (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული);
არსებული დიაგნოსტიკური კვლევების პასუხები (მორფოლოგია, CT. და ა.შ. ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული).
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15-05.
ონკოდაავადებულთა განცხადებებს ქართველი და უცხოელი ექიმებისგან დაკომპლექტებული სპეციალური საბჭო განიხილავს, რომელიც იმსჯელებს კონკრეტული ბავშვის მდგომარეობაზე. პაციენტების განაწილება კლინიკებში მოხდება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით.
ონკოდაავადებების მქონე ბავშვების უფასო მკურნალობა უცხოეთში: როგორ მოხდება კლინიკის შერჩევა>>
უმეტეს შემთხვევაში მკურნალობის ერთი კურსი 100 ათასი ევრო ჯდება, ამიტომაც მთავრობამ მკურნალობის ხარჯების სრულად დაფარვის გადაწყვეტილება მიიღო. ადრე სახელმწიფო ამ ბავშვების მკურნალობის მხოლოდ ნაწილს იხდიდა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია. ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0