ლაშა ჟვანიამ სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ქართველებს ისრაელის დატოვებისკენ მოუწოდა

© AP Photo / Ariel Schalitისრაელის ჯარი
ისრაელის ჯარი - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2023
გამოწერა
ბოლო პერიოდში ისრაელიდან საქართველოში 11 ათასზე მეტი ადამიანი ჩამოვიდა.
თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. ისრაელში საჰაერო განგაში არ წყდება, კვლავ დაძაბული ვითარებაა, ვისაც აქვს სტრესული მდგომარეობა, ვურჩევდი, გაემგზავროს სამშობლოში, რადგან ეს პროცესი არ დასრულდება ორ და სამ თვეში, განაცხადა ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ისრაელში მდგომარეობა კვლავ დაძაბულია, საომარი მდგომარეობაა ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთის ფრონტზე.
„ესაა საკმაოდ ხანგრძლივი საომარი მოქმედებები. ეს არაა სპეცოპერაცია, ესაა ომი, რომელიც გამოცხადებული აქვს ისრაელის სახელმწიფოს. ვისაც აქვს სტრესული მდგომარეობა, ვურჩევდი, გაემგზავროს სამშობლოში. პირდაპირი ფრენები საქართველოს მიმართულებით არის“, - განაცხადა ელჩმა.
ჟვანიას განცხადებით, ისრაელში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებში პანიკური მდგომარეობა ჩამცხრალია, უფრო ნაკლებია გამგზავრების მსურველი, ასევე ნაკლებია მიმართვიანობა საელჩოსთან.
ელჩის თქმით, ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, თელ-ავივში და მის მიმდებარე ქალაქებში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესები აღდგა. გაიხსნა ის სკოლები და ბაღები, სადაც დაცული თავშესაფარი არსებობს.
ბოლო პერიოდში ისრაელიდან საქართველოში 11 ათასზე მეტი ადამიანი წამოვიდა.
7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა" ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის" მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.
პირველივე დღეს ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრძანებით რეზერვისტების გაწვევა დაიწყო. ჯარი სრულ მზადყოფნაში იქნა მოყვანილი და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 8 ოქტომბერს ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა.
ისრაელის მთავრობის ბოლო მონაცემებით, „ჰამასის" თავდასხმებს 7 ოქტომბრიდან დღემდე 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 5 ათასზე მეტი. 229 ადამიანი ტყვედ არის აყვანილი. რაც შეეხება მსხვერპლს „ჰამასის“ მხრიდან, ბოლო მონაცემებით, იქ ისრაელის საპასუხი დარტყმების შედეგად 8000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.
ყველა ახალი ამბავი
0