საქართველოში „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონი იცვლება - დეტალები

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2023
გამოწერა
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია - ევროკავშირთან საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა, განაცხადა დეპუტატმა
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, რომელიც ქართულ კანონმდებლობაში ევროკავშირის საიდუმლოების შენახვის ვალდებულებას ითვალისწინებს.
„ეს არის ხანგრძლივი პროცესის ერთგვარი დასასრული, რომელიც ჩვენ გვქონდა ევროკავშირთან საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ ხელშეკრულების მოლაპარაკებების პროცესში და ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, რათა საიმპლემენტაციო შეთანხმება რეალურად შესულიყო ძალაში და ამოქმედებულიყო საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის სისტემები“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, ევროკავშირთან საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებამ შეუფერხებლად იმოქმედოს, დასძინა მან.
საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, გაჩნდება ტერმინი „ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაცია“, რაც ნიშნავს ევროკავშირის უსაფრთხოების კლასიფიკაციით განსაზღვრულ ნებისმიერ ინფორმაციას ან მასალას, რომლის არასანქცირებულმა გამჟღავნებამ შესაძლოა ევროკავშირის ან რომელიმე წევრი ქვეყნის ინტერესები დააზარალოს.
სუსმა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო >>
საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შემოწმების საფუძველზე გასცემს.
იმისათვის, რომ იურიდიულმა პირმა მიიღოს წვდომა ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციაზე, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი დონის ხელმისაწვდომობა სამთავრობო ორგანოს/იურიდიული პირის სახელმწიფო საიდუმლოებაზე.
ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება ან გადაცემა სხვა ქვეყანაში, საერთაშორისო ორგანიზაციაში ან კონტრაქტორზე დასაშვებია მხოლოდ ინფორმაციის გამგზავნის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
გარდა ამისა, ცვლილებები ითვალისწინებს საიდუმლო ინფორმაციის დაყოფას სამ კატეგორიად, რაც გულისხმობს საიდუმლო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დაყოფას მისი საიდუმლოების ხარისხის მიხედვით.
ცვლილებები პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება.
ყველა ახალი ამბავი
0