ვიცე-სპიკერი: ქართული ოპოზიცია რევოლუციურ კომიტეტებშია გაერთიანებული

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2023
გამოწერა
ვოლსკის თქმით, ადგილი აქვს საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრებას, რასაც ოპოზიციაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გალაშქრებას უწოდებენ.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ოპოზიცია, მცირე გამონაკლისის გარდა, გაერთიანებულია რევოლუციურ კომიტეტებში, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა გია ვოლსკიმ.
პარლამენტის დეპუტატმა, „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ამ დღეებში განაცხადა, რომ საქართველოს უცხოელი პარტნიორების ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საზღვარგარეთ ვიზიტების დროს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების წინააღმდეგ გამოდის. სამნიძის თქმით, სტატუსის მონიჭება ძალზე მნიშვნელოვანია და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ახლა ხელისუფლებაში.

„ხათუნა სამნიძის პოზიცია მისასალმებელია. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს საქართველოში, მცირე გამონაკლისის გარდა, ოპოზიცია არ არსებობს და იგი რევოლუციურ კომიტეტებშია გაერთიანებული. მისასალმებელია, თუ ამ კომიტეტს სამნიძე გამოეყო", – განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ადგილი აქვს საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრებას, რასაც ოპოზიციაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გალაშქრებას უწოდებენ.
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას გამბედაობა არ ჰყოფნის>>>
ხათუნა სამნიძე და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებენ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის ხალხს და არა ხელისუფლებას, რაც ერთგვარად ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაა.

„ეს იგივეა, რომ ხალხს მოუწოდო მთავრობის დამხობისკენ: ჩვენ აგვირჩიე და ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც პაატა მანჯგალაძე („სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი) გვპირდება, რომ ორ-სამ დღეში არათუ კანდიდატის, არამედ ევროკავშირის წევრის სტატუსს მივიღებთ", – განაცხადა ვოლსკიმ.

პოლიტიკოსის თქმით, გაუგებარია, თუ რით არის განპირობებული სამნიძის გულახდილობა.
ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს - ევროკომისიას საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასება მოუწევს, რომელიც მან „საშინაო დავალებად“ 2022 წლის ივნისში მიიღო.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები: ევროკავშირში საქართველოს მნიშვნელობა ესმით>>>
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ დროის მოკლე პერიოდში მაქსიმუმი გააკეთა, განსაკუთრებით, ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის და დაბრკოლებების გათვალისწინებით.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმაც ასევე განაცხადა, რომ ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ წელიწად-ნახევარში კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა.
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია. ესენია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
ამის შემდეგ მუშაობა რეკომენდაციების შესრულებაზე გაგრძელდა.
ყველა ახალი ამბავი
0