საქართველოს როლი გამიზნულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევისკენ - დეპუტატი

© Government of Georgiaსომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები
სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2023
გამოწერა
საქართველო რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში განსაკუთრებულ როლს ასრულებს, აღნიშნა დეპუტატმა.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ძალისხმევა მიმართულია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმების სწრაფად მიღწევისკენ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.
ყარაბაღის მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ალი ასადოვი და ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში პირისპირ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. აუდიენცია არაფორმალურ ვითარებაში გუშინ საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. ასადოვი და ფაშინიანი საქართველოში "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც 26-27 ოქტომბერს ტარდება და რომელშიც 2 ათასამდე სტუმარი მონაწილეობს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან.

„საქართველოს როლი არის და იქნება იმისკენ მიმართული, რომ მშვიდობა იყოს რეგიონში და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რაც შეიძლება მალე მოხდეს შეთანხმება, რათა შევძლოთ ამ კონფლიქტის დასრულება ორ ქვეყანას შორის და ვიფიქროთ ხანგრძლივ მშვიდობიან განვითარებაზე, რაც წვლილს შეიტანს ჩვენი რეგიონის განვითარებაში", – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, „აბრეშუმის გზის“ ფორუმი, პრინციპში, მსოფლიო არენაზე რეგიონის როლს ეძღვნება.

„ჩვენი სურვილია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში იყოს მშვიდობა და, რაც კი შეგვიძლია, ამ პროცესში შევიტანოთ ჩვენი წვლილი. კარგი იყო იმის ნახვა, რომ ორივე ქვეყნის [სომხეთისა და აზერბაიჯანის] პრემიერ-მინისტრები იყვნენ საქართველოში და ერთ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა გუშინ", – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

თავის მხრივ, დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" ირაკლი ჩიქოვანმა ორი ქვეყნის პრემიერების შეხვედრის თაობაზე კომენტარისას აღნიშნა შეხვედრის აქტუალობა და განაცხადა, რომ ღარიბაშვილმა აჩვენა არსებითი მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს აქვს რეგიონში.

„ეს ასევე ცხადყოფს, რომ საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში. ის, რომ ჩვენ ჩვენს რეგიონში სხვა ქვეყნებთან ერთად უნდა ვიზრუნოთ კავკასიის უსაფრთხოებაზე, იყო ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ინიციატივა მხარდაჭერას ჰპოვებს ყველა სხვა სახელმწიფოს მხრიდან", – განაცხადა ჩიქოვანმა.

საქართველომ აჩვენა, რომ შეუძლია იყოს ეფექტური შუამავალი აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობებში და აუცილებლობის შემთხვევაში მზადაა, კვლავ ჩაერთოს პროცესში, განაცხადა მანამდე საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური შუამდგომლობით 2021 წლის ივნისის დასაწყისში აზერბაიჯანმა გაათავისუფლა 15 ტყვე – ყარაბახის კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის მოქალაქეები. საპასუხოდ სომხეთის მხარემ აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი მასალები გადასცა. მოგვიანებით ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" გამოვიდა. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა.
პრემიერი: რეგიონში მშვიდობისთვის ჩვენ ერევანსა და ბაქოს შორის შუამავლის როლს შევასრულებთ>>
2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები" დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით". 20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. საბოლოოდ, 28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობას წყვეტს.
ამის შემდეგ ყარაბაღის სომხებსა და ბაქოს წარმომადგენლებს შორის გაიმართა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, სადაც რესპუბლიკაში რეგიონის ინტეგრაცია განიხილებოდა. მიუხედავად ამისა, სომხეთში მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტი მცხოვრები გადავიდა საცხოვრებლად.
ყველა ახალი ამბავი
0