„მადლობა თავდაუზოგავი შრომისთვის" - ამილახვარმა პედაგოგებს მასწავლებლის დღე მიულოცა

© Ministry of Education and Science of Georgiaგიორგი ამილახვარი
გიორგი ამილახვარი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2023
გამოწერა
მინისტრმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს მასწავლებლების შრომის ღირსეულად დაფასებისთვის.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ქვეყნის ყველა პედაგოგს მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.
პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე 2023 წლის აგვისტოში ამილახვრის ინიციატივით დაწესდა.

„27 ოქტომბერი - მასწავლებლის ეროვნული დღეა. ძვირფასო პედაგოგებო, გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს და მთელი გულით გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას! მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის. თქვენ ხომ ასე ერთგულად ემსახურებით საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს!" – დაწერა მინისტრმა სოციალურ ქსელში.

მინისტრმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს მასწავლებლების შრომის ღირსეულად დაფასებისთვის.
მასწავლებლის ეროვნული დღე ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს დააწესეს.
ამ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10.000 ლარის ოდენობით.
ბოლო მონაცემებით, საქართველოს სკოლებში 63 ათასამდე მასწავლებელი მუშაობს.
ყველა ახალი ამბავი
0