ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა 2024 წელსაც გაგრძელდება

© photo: Sputnik / Stringerაჭარის მთავრობა
აჭარის მთავრობა - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2023
გამოწერა
„ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპისთვის 17 მლნ ლარი გამოიყო.
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. აჭარის მთავრობა 2024 წელს ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების მეორე ეტაპისთვის 17 მილიონ ლარს გამოყოფს, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ავტონომიის მთავრობის სხდომაზე.
„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ადამიანები უმძიმეს პირობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. 2019 წლის თებერვალში გადაწყდა ამ ადგილზე საცხოვრებელი კომპლექსის აშენება და მოსახლეობის ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა.

„წელს ჩვენ დავასრულებთ „ოცნების ქალაქის“ პირველ ეტაპს, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 582 მოქალაქე და გაგრძელდება მეორე ეტაპი... მომავალ წელს 17 მილიონი ლარია გათვალისწინებული „ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის განსახორციელებლად“, – განაცხადა რიჟვაძემ.

მასშტაბური სოციალური პროექტი „ოცნების ქალაქი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მილიონი ლარია. მშენებლობა 2020 წლის თებერვალში დაიწყო.
პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება.
როგორც ადრე რიჟვაძემ განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები არცერთი ადამიანი უსახლკაროდ არ დარჩება.
„ოცნების ქალაქი“ – ესაა დასახლება, რომელიც ბათუმთან ახლოს, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე 2012 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად ბუნებრივი პირობებისა და უსახსრობის გამო მაღალმთიანი აჭარიდან გადმოსახლდა 900-მდე ოჯახი – ეკომიგრანტები, მრავალშვილიანი ოჯახები. ისინი ბარაკებსა და ვაგონებში დაბინავდნენ და ამჟამად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.
ყველა ახალი ამბავი
0