აჭარის 2024 წლის ბიუჯეტი 700 მილიონს გადააჭარბებს

© photo: Sputnik / Stringerბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2023
გამოწერა
„ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპისთვის 17 მლნ ლარი გამოიყო.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. აჭარის მთავრობა აჭარის უმაღლეს საბჭოში 2024 წლის ბიუჯეტს წარადგენს, რომელიც (ნაერთი ბიუჯეტი) პირველად მიუახლოვდა ერთ მილიარდ ლარს, განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი გაიზარდა და 700 მილიონ ლარს გადააჭარბა.
„ნაერთი ბიუჯეტი პირველად მიუახლოვდა ერთ მილიარდიან ნიშნულს. ეს მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ აჭარის თითოეულ მაცხოვრებელზე და განვახორციელოთ ის მიზნობრივი პროგრამები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა რიჟვაძემ.
რას მოხმარდება თანხები
აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იზრდება როგორც სამინისტროების ბიუჯეტები, ისე რეგიონის რაიონების მიხედვით ტრანსფერების მოცულობა. ტრანსფერები ჯამში 35,8 მილიონი ლარით გაიზარდა და 241 მლნ ლარს შეადგენს.
ჯანდაცვის ბიუჯეტი 11 მლნ ლარით გაიზრდება და 51 მლნ ლარს შეადგენს. შედეგად, გაიზრდება გულის ქირურგიისა და ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება; ასევე ეკომიგრანტი ოჯახებისთვის სახლების შეძენის პროგრამის დაფინანსება და სხვ.
2024 წელს დაიწყება ე.წ. ოცნების ქალაქის მეორე ეტაპის მშენებლობა, რისთვისაც 17 მლნ ლარია გათვალისწინებული.
იზრდება პენსიონერებისთვის მიზნობრივი სოციალური და სამედიცინო პროგრამების დაფინანსება.
ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა 2024 წელსაც გაგრძელდება>>>
გარდა ამისა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 1,9 მლნ ლარით გაიზრდება და 132 მლნ ლარს შეადგენს. განხორციელდება ახალი საგანმანათლებლო სივრცეების მშენებლობა, გაგრძელდება სტუდენტთა და პედაგოგთა მხარდამჭერი პროგრამები.
გაიზრდება სპორტისა და სპორტული ინფრასტრუქტურის დაფინანსება – აჭარის ყველა რეგიონში განხორციელდება ჯამში 36 მლნ ლარის ღირებულების პროექტები.
საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი 37 მლნ ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება 95-ზე მეტი საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები, მათ შორის ბათუმში 9 საჯარო სკოლის ძირითადი ან დამატებითი შენობის მშენებლობა.
ასევე 1,5 ათას სტუდენტს დაუფინანსდება სწავლა და სტაჟირება საზღვარგარეთ.
რიჟვაძის თქმით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად იგეგმება ძველი ბათუმის განახლების მასშტაბური პროექტის განხორციელება, რისთვისაც უკვე 200 მილიონი ლარია განსაზღვრული.
როგორც აჭარის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვნად იზრდება ტურიზმისა და საგზაო ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი.
გარდა ამისა, განხორციელდება ახალი პროექტები სამედიცინო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებით, ბათუმში იგეგმება ახალი პოლიკლინიკის, ბათუმის გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის მშენებლობა, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კი პედიატრიული განყოფილება გაჩნდება.
ყველა ახალი ამბავი
0