აშშ-ის სანქციები ფარცხალაძის მიმართ: გამოძიება პროკურატურის მეთვალყურეობით მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2023
გამოწერა
ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ ფარცხალაძეს 2013 წლიდან საქართველოს პროკურატურასთან არანაირი შეხება არა აქვს.
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურა მეთვალყურეობას უწევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქმეზე, რომელზეც შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა, განაცხადა ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.
2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში. აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ".

„ჩვენ საპროკურორო ზედამხედველობას ვახორციელებთ. მიმდინარეობს გამოძიება, არსებობს გამოძიების ინტერესები და ვერ გავცდები იმ ფარგლებს, რაზეც უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა. არაერთი სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“, – განაცხადა შოთაძემ.

მისი თქმით, გამოძიება გრძელდება და ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება. როგორც შოთაძემ აღნიშნა, 2013 წლიდან ფარცხალაძეს არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს რამე ურთიერთობა საქართველოს პროკურატურასთან, რადგანაც ის თანამდებობიდან გადადგა.
„ესაა უბრალოდ სპეკულაცია. საჯარო ღონისძიებებზე მქონია შეხვედრები. ჩვენი სამსახურებრივი ურთიერთობა საჯაროდ ცნობილია, ყოფილა მასთან კომუნიკაცია“, – აღნიშნა შოთაძემ.
გასულ კვირაში სუსის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, რომ ფარცხალაძემ გამოკითხვის მეორე დღეს ქვეყანა დატოვა.
აშშ-ის მიერ სანქცირებული ფარცხალაძე: სუსის უფროსმა გამოძიების დეტალებზე ისაუბრა>>
მისი თქმით, სუსში გამოძიება სსკ-ის 319-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან დაქვემდებარებული ორგანიზაციების დახმარებას მტრულ საქმიანობაში, რაც ითვალისწინებს სასჯელს 7-დან 15 წლამდე ვადით.
ამასთან, ლილუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი დახმარების თაობაზე მოთხოვნა საქართველოს პროკურატურის მეშვეობით გაიგზავნა, ქართულ მხარეს აშშ-სგან არანაირი მტკიცებულებები არ მიუღია. როგორც უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, მუხლი, რომლითაც საქმე აღიძრა, მტკიცებულებათა მაღალ სტანდარტს მოითხოვს.
როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, ფარცხალაძემ დაადასტურა, რომ ორმაგი მოქალაქეობა გააჩნია, რაც, მისი თქმით, სისხლის სამართლის დანაშაული არ არის.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ფარცხალაძის სანქცირების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა მიზანშეწონილად მიიჩნია და შესაბამისი დასკვნა პრეზიდენტს გადაუგზავნა. თუმცა, 21 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ, „სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე“, პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა იმ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია, ვინაიდან თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ როგორც საქართველოს მოქალაქე.
თუმცა 17 ოქტომბერს ზურაბიშვილმა ხელი მაინც მოაწერა ბრძანებას ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.
ფარცხალაძე და სანქციები
2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.
პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა>>
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან".
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა, და ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა აშშ-ის მიერ დაწესებული ამ სანქციების უსაფუძვლობა დაამტკიცოს.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.
ყველა ახალი ამბავი
0