აშშ-ის მიერ სანქცირებული ფარცხალაძე: სუსის უფროსმა გამოძიების დეტალებზე ისაუბრა

© Parliament of Georgiaგრიგოლ ლილუაშვილი
გრიგოლ ლილუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2023
გამოწერა
ქართულმა მხარემ აშშ-ს მტკიცებულებების მისაღებად მიმართა, აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, რომელიც აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა ქვეყანა, განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.
2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში. აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ".

„ბატონმა ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა… მან დატოვა საქართველოს საზღვარი. სად და რომელი მიმართულებით გაფრინდა, ეს პერსონალური ინფორმაციაა. შეიძლება სხვა ქვეყანაში გაფრინდა, შეიძლება რუსეთის ფედერაციაში", – განაცხადა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, სუსში გამოძიება სსკ-ის 319-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან დაქვემდებარებული ორგანიზაციების დახმარებას მტრულ საქმიანობაში, რაც ითვალისწინებს სასჯელს 7-დან 15 წლამდე ვადით.

„იგი სისხლის სამართლის საქმის შესახებ გამოძიების დაწყებიდან მეორე დღესვე გამოიკითხა და არა დაიკითხა, რადგან ჩვენ სამსახურს კანონმდებლობით გამოკითხვის უფლება აქვს. ფარცხალაძის მიერ გამოკითხვის რეჟიმში მოწოდებული ინფორმაცია არაფრით განსხვავდება იმ ინფორმაციისგან, რომელიც მან განათავსა საჯარო სივრცეში. საჯარო სივრცეში იმაზე მეტი არ თქმულა, რაც ფარცხალაძემ თქვა", – აღნიშნა ლილუაშვილმა.

ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება გეგმის მიხედვით გაიწერა, უმეტესობა დასრულებულია, ნაწილი განხორციელების პროცესშია, აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა.
ამასთან, ლილუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი დახმარების თაობაზე მოთხოვნა საქართველოს პროკურატურის მეშვეობით გაიგზავნა, ქართულ მხარეს აშშ-სგან არანაირი მტკიცებულებები არ მიუღია.

„უკვე დიდი დრო გავიდა, მოთხოვნა სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე გაიგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, მაგრამ ჩვენ არანაირი დეტალი არ მიგვიღია. პირიქით, ყველა ჩვენგან ითხოვს დეტალებს. ეს ძალზე დამაფიქრებელია. თუ ამერიკულ სპეცსამსახურებს და ჩვენს პარტნიორებს ჰქონდათ ეს ინფორმაცია, ეტყობა, ქართულ სპეცსამსახურებს არ ენდობიან და ამიტომ არ მიაწოდეს", – განაცხადა ლილუაშვილმა.

ამასთან, სუსის უფროსის თქმით, სამსახურებს შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის ფარგლებში გაცილებით სენსიტიური და უფრო დიდ ეფექტზე გათვლილი საიდუმლო ინფორმაციები იცვლება ყოველდღიურ რეჟიმში და ამ კუთხით თანამშრომლობა არის სამაგალითო.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენს პარტნიორებს ფარცხალაძის შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წინსწრებად რომ ჰქონოდათ, დიდი ალბათობით, მოგვაწვდიდნენ. აშშ-ის ანალოგიური უწყებების გარდა, ჩვენ მივმართეთ ჩვენი პარტნიორების უმეტესობას – მათ ხელთ თუ არსებობს რაიმე ოპერატიული ინფორმაცია ფარცხალაძის რუსულ სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირებთან დაკავშირებით", – განაცხადა ლილუაშვილმა.

როგორც უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, მუხლი, რომლითაც საქმე აღიძრა, მტკიცებულებათა მაღალ სტანდარტს მოითხოვს.

„ბრალის დადგენისთვის საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილება, ამიტომაც საგამოძიებო მოქმედებები მყარად უნდა იყოს დადგენილი. თუ მტკიცებულება არ იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა, გამოძიება შედეგით ვერ დასრულდება", – განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, დაიკითხნენ თუ არა შესაძლო თანამზრახველები, ლილუაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს უახლოეს პირთა წრის გამოკითხვა.

„გრძელდება გამოკითხვები პირთა წრის, რომლებიც შეიძლება ყოფილიყვნენ შემხებლობაში მასთან. ეს არის უახლოეს პირთა წრე", – განაცხადა მან.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, ფარცხალაძემ დაადასტურა, რომ ორმაგი მოქალაქეობა გააჩნია, რაც, მისი თქმით, სისხლის სამართლის დანაშაული არ არის.
ფარცხალაძე და სანქციები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
აშშ-ის ბრალდებები მტკიცებულებების გარეშე ფუჭი იქნება - პაპუაშვილი ფარცხალაძის სანქციებზე>>>
აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან".
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა, და ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა აშშ-ის მიერ დაწესებული ამ სანქციების უსაფუძვლობა დაამტკიცოს.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.
ყველა ახალი ამბავი
0