სამარყანდში საუდის არაბეთის წარმომადგენლებმა საქართველოს ტურისტული პოტენციალი განიხილეს

© photo: Sputnik / Alexander Yurev / გადასვლა მედიაბანკშიერ-რიადი
ერ-რიადი - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2023
გამოწერა
ამჟამად საუდის არაბეთიდან საქართველოს მიმართულებით რეისები კვირაში ცხრაჯერ სრულდება
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საუდის არაბეთში ბოლო წლებში საქართველოს, როგორც მიმზიდველი და უსაფრთხო ტურისტული მიმართულების, პოპულარობა მატულობს, რაც ამ ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების ზრდაზე აისახა, აღინიშნა უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილისა და საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრის მოადგილე სულთან ალ მუსალამის შეხვედრაზე.
შეხვედრა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. UNWTO-ს გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილია. გენერალური ასამბლეა - UNWTO-ს ხელმძღვანელი ორგანოა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იკრიბება.
„ჩვენ აქტიურ და მიზნობრივ მარკეტინგულ კამპანიებს ვატარებთ საუდის არაბეთში, სადაც სულ უფრო და უფრო იზრდება ინტერესი საქართველოს მიმართ. საუდის არაბეთში მოსწონთ ჩვენი ბუნება, სამზარეულო, ტრადიციები და სხვა ატრაქციები და სიამოვნებით ჩამოდიან ჩვენთან ტურისტული ვიზიტებით," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გარდა ამისა, დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისების სიხშირეების ზრდაც, რაც ასევე პოზიტიურად მოქმედებს ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ტურიზმის სფეროში.
როგორც ქვრივიშვილმა აღინიშნა, ამჟამად საუდის არაბეთიდან საქართველოში ფრენები კვირაში 9-ჯერ ხორციელდება, ამასთან, ზაფხულის საავიაციო სეზონში ფრენების სიხშირე და მიმართულება მატულობს.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საუდის არაბეთი საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე დადებითად შეფასდა საუდის არაბეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის ელექტრონული ვიზების აღების გამარტივებამ, რომელიც ორმხრივ მიმოსვლას უფრო მეტად შეუწყობს ხელს და დადებითად აისახება ორი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებზე.
ელექტრონული ვიზა არის მრავალჯერადი გამოყენების, ერთწლიანი ვადით. იგი ვიზიტორებს საუდის არაბეთში ერთი წლის განმავლობაში ჯამში 90 დღით ყოფნის საშუალებას აძლევს.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებით.
პრემიერი: ელექტრონული ვიზები საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურისტულ ნაკადს გაზრდის >>
საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.
საუდის არაბეთმა 2019 წლის 27 სექტემბერს უცხოელი მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზები დააწესა. მანამდე ქვეყანაში მოხვედრა, გარდა დიპლომატებისა და მათი ნათესავებისა, შესაძლებელი იყო მხოლოდ სამუშაო და ბიზნეს-ვიზის მეშვეობით. ვიზებს საზღვარგარეთ საუდის არაბეთის საკონსულოები ან დიპლომატიური წარმომადგენლობები გასცემდნენ.
საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.
ყველა ახალი ამბავი
0