თურნავა: სამომხმარებლო სესხის ვადის გაზრდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს

© National Bank of Georgiaნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2023
გამოწერა
სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა 2022 წლის აგვისტოში შემცირდა.
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადიანობის ოთხ წლამდე გაზრდა ხელს შეუწყობს და გააუმჯობესებს მოსახლეობის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა სამიდან ისევ ოთხ წლამდე გაზარდა. სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა ოთხიდან სამ წლამდე 2022 წლის აგვისტოში შემცირდა.
თურნავას განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპის მნიშვნელოვნად შემცირებაა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე დაბალია, ხოლო არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირებულია, შესაძლებელი გახდა სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობის კვლავინდებურად ოთხ წლამდე გაზრდა“, – აღნიშნა თურნავამ.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს დაკვირვებას სამომხმარებლო დაკრედიტების ტენდენციებზე, რადგან ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტები ამ სეგმენტში შინამეურნეობების ვალის სტაბილურობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სამომხმარებლო კრედიტები
2019 წლიდან საქართველოში ამოქმედდა ფიზიკური პირებისთვის „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა", რომელმაც „შეაჩერა სესხების გადაჭარბებული ზრდის შედეგად წარმოქმნილი ფინანსური რისკები და ამავდროულად დაეხმარა სესხების გადამისამართებას უფრო პროდუქტიულ დარგებზე".
საქართველოში სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა გაიზარდა>>>
საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ ვალის აღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შემდეგ და მხოლოდ სუფთა შემოსავლებიდან გამომდინარე.
გარდა ამისა, დადგენილია კრედიტზე ყოველთვიური გადასახადის ლიმიტი, კრედიტის ვადა, და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის გაცემა დოლარში.
თუმცა, 2022 წლის ივლისის ბოლოს რეგულატორმა ეს ბოლო ნორმა ნაწილობრივ შეარბილა და გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით, მოქალაქეების ნაწილს 200 ათას ლარამდე ვალის აღება უცხოურ ვალუტაში – დოლარში ან ევროში შეუძლია. ამ კრედიტებისთვის ქვედა ზღვარი დადგენილი არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0