პრეზიდენტის იმპიჩმენტი: რაზე ისაუბრა ზურაბიშვილმა პარლამენტში

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2023
გამოწერა
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არ დაურღვევია ქვეყნის კონსტიტუცია და გააკრიტიკა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუციის დებულება პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ და სამი უცხოური საგარეო ვიზიტი მთავრობის თანხმობის გარეშე განახორციელა.

„ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო, პირველად საქართველოს ისტორიაში იმართება პრეზიდენტის იმპიჩმენტი და ამით თქვენ თავს იწონებთ... ვითომც და ამ პროცესით კანონის უზენაესობას ამტკიცებთ. ამ დროს კი 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება შევა (ისტორიაში) არა როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო, რომელზეც უნდა იდგეს სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო, სრულიად გამოვიდა თავისი როლიდან, გადაინაცვლა პოლიტიკურ სფეროში და წინ ვერ აღუდგა მმართველი პარტიის პოლიტიკურ ნებას.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იხელმძღვანელა მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პოლიტიკური არგუმენტაციით და ის სრულად გადმოიტანა დასკვნაში.
„მიუხედავად ამისა, ნიშანდობლივია ის, რომ სამმა მოსამართლემ შეძლო გადაერჩინა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ საქართველოს მართლმსაჯულების რეპუტაცია, გააცოცხლა ჩვენი საუკუნოვანი მართლმსაჯულების საამაყო ტრადიცია", – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მათი განსხვავებული აზრი გავრცელდება ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, აღიარებული იქნება მათი დამოუკიდებელობა და პროფესიონალიზმი. ხვალინდელი სტუდენტები კი ამით იამაყებენ და ამ მაგალითზე გაიზრდებიან, აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის იმპიჩმენტი: საფრანგეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა>>
„მე აქ არც არაფრის დამტკიცებას ვაპირებ და არც ვინმეს დარწმუნებას იმაში, რაც ისედაც ცხადზე ცხადია. კონსტიტუციის არც არსი და არც სულისკვეთება არ დამირღვევია. ბრალდებების გასამყარებლად თქვენ უნდა წარმოგედგინათ მტკიცებულებები და ვერცერთი ვერ წარმოადგინეთ! ვერ მოიტანეთ ფაქტები იმის დასამტკიცებლად, რაზეც აპელირებდით, რომ საბოტაჟს ვუწყობდი ჩვენს ევროპულ გზას", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მმართველმა პარტიამ ვერ დაამტკიცა ასევე ის, რომ მან რაღაც ისე არ გააკეთა ქვეყნის დასაცავად და მისი ევროპული ინტეგრაციის მხარდასაჭერად.
„ჩემი თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ და დაურეკოთ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, შარლ მიშელს, ემანუელ მაკრონს, ან კიდევ ალარ კარისს, ედგარს რინკევიჩს, გიტანას ნაუსედას… სია შემიძლია გავაგრძელო… ესენი კი ის ლიდერები არიან, რომლებზეც ხვალ ჩვენი სტატუსის მინიჭებაა დამოკიდებული და უნდა ითქვას, რომ ამ საიმპიჩმენტო პროცესით თქვენ მხოლოდ მე კი არა და მე სულაც არა, არამედ ამ ლიდერებს აყენებთ შეურაცხყოფას და ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებთ", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ის არაფრის დამტკიცებას არ აპირებს.
„მგო­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად იცის, თუ რას ვცდი­ლობ­დი და რა შევ­ძე­ლი, სწო­რედ იმ ვიწ­რო უფ­ლე­ბე­ბის ჩარ­ჩო­ში, რათა ჩვე­ნი ქვეყნის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა, ნდო­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ჩვენს ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებ­თან სხვა სა­ფე­ხურ­ზე ამეყ­ვა­ნა", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის აზრით, მან ხალხის ნდობა დაიმსახურა.

„დღე­ვან­დე­ლი დღის ფარ­სი­დან არა­ფერს ვე­ლო­დე­ბი. კარ­გად ვიცი, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლია, სა­დღაც ზე­მოთ პარ­ტი­ის მა­ღალ სფე­რო­ებ­ში, თუ სა­დღაც ჩრდი­ლო­ე­თით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, როგორიც არ უნდა იყოს კენჭისყრის შედეგი, „ქართული ოცნება" ამას თავის გამარჯვებად გამოაცხადებს.
„მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბით ვე­ღარ ატყუ­ებთ და ყვე­ლა ხვდე­ბა იმას (და, შე­საძ­ლოა, თქვენც კი ზოგ­ჯერ), რომ ამ პრო­ცე­სის და­წყე­ბა, რო­გორც მისი ნე­ბის­მი­ე­რი შე­დე­გით დას­რუ­ლე­ბა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თქვე­ნი სი­სუს­ტის და პო­ლი­ტი­კუ­რი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის უტყუ­ა­რი ნი­შა­ნია. ამას ვერ­სად გა­ექ­ცე­ვით!" – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, დღეს მისი ბედი არ წყდება.
„დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება. თქვენ მე კი არ მიწყობთ იმპიჩმენტს, არამედ თქვენს თავს, ქვეყანას, მის ევროპულ მომავალს და თქვენი ყოველი ხმა არის ხმა მიცემული ამ ჩვენი მომავლის წინააღმდეგ. არასოდეს არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს თქვენ პიროვნულად და კოლექტიურად იღებთ ამ პასუხისმგებლობას. რა სახეს და რა სახელს დატოვებთ ამ ქვეყნის ისტორიაში, წყდება ამ ვითომც და „ჩვეულებრივ სამუშაო სესიაზე", – განაცხადა პრეზიდენტმა.
აქ ყოფნა, ამ ფარსში მონაწილეობა, დუმილით თუ სიტყვით გამოსვლით, თავისთავად უკვე თქვენი განაჩენია, აღნიშნა პრეზიდენტმა.
„სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თქვენი ბედი წყდება, რამეთუ ხვალინდელი დღეც მოვა და მაინტერესებს, როგორ ჩახედავთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში და აუხსნით, რომ თქვენს პირად კეთილდღეობაში (ხომ არავის გვჯერა, რომ აქ რამე იდეის თუ პრინციპის გამო იბრძვით) გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, მას მხოლოდ ერთი გეგმა აქვს.
„დღეს მხოლოდ ერთი გეგმა მაქვს და ეს გეგმა ამ ქვეყნისთვის წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვერავინ და ვერაფერი შემიშლის ხელს", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი: მმართველი პარტიის მთავარი არგუმენტები>>
მან ასევე მიმართა ევროპელ პარტნიორებს თხოვნით, მისცენ საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
"მჯერა, რომ სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენი პარტნიორები მხედველობაში მიიღებენ, ერთი მხრივ, ქართველი ხალხის მრავალჯერ დადასტურებულ მისწრაფებას და, მეორე მხრივ, საქართველოსა და ევროპის საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევებს", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია - ესაა გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0