პრეზიდენტი ბავშვების დაბულინგების კამპანიას შეუერთდა - მამუკა მდინარაძე

© courtesy of Mamuka Mdinaradzeმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2023
გამოწერა
ეს იყო „ნაცმოძრაობის" ერთადერთი კამპანია, სადაც პრეზიდენტი ჯერჯერობით არ მონაწილეობდა, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბავშვების ბულინგის კამპანიას შეუერთდა, რომელიც მთავარმა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით პარლამენტის სხდომის დაწყებისას.
საქართველოს პრეზიდენტმა იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების" დეპუტატებს მიმართა კითხვით: „როგორ ჩახედავთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში?!" პრეზიდენტის თქმით, მათ ამ ფარსში მონაწილეობით თავიანთი შვილების ევროპული მომავალი პირად ინტერესებზე გაცვალეს. ზურაბიშვილი დაინტერესდა იმითაც, თუ როგორ აუხსნიან ისინი შვილებს, რომ „თქვენი ხელით და სხვისი ნებით გადადგით ეს უმსგავსო ნაბიჯი" პროევროპელი პრეზიდენტის გადაყენებით.

„ქალბატონო სალომე, შემიძლია მოგილოცოთ. „ნაცმოძრაობის" ერთადერთ კამპანიაში არ იყავით ჩართული და დღეს იმაშიც ჩაერთეთ, რასაც შვილების ბულინგის კამპანია ჰქვია", – განაცხადა მდინარაძემ.

დეპუტატის თქმით, ის, ისევე, როგორც მმართველი პარტიის გუნდის სხვა წევრები, არასდროს ასრულებდნენ სხვის დავალებებს და სწორედ ამას ეტყვიან თავიანთ შვილებს.
„რას ეტყვით თქვენს შვილებსო, თქვენ რიტორიკულ თუ არარიტორიკულ კითხვაზე ჯერ პასუხს გაგცემთ... იცით, რას ვეტყვი? მე პირადად ვეტყვი, თავად როგორც მწამდა და მჯეროდა, იმას ვაკეთებდი მთელი ცხოვრება პოლიტიკაში და სხვის დავალებებს არ ვიღებდი, არ მიმიღია და არც მივიღებ არასდროს. ამას ვეტყვი საკუთარ შვილებს და მათ თავს დავიფიცებ, რომ ასე იქნება სულ. ამას გააკეთებს ჩვენი გუნდის თითოეული წევრი", – განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ მოსმენებს ოპოზიცია თითქმის არ ესწრება, სხდომის გახსნამდე რეგისტრაცია მხოლოდ 88 დეპუტატმა გაიარა მაშინ, როდესაც იმპიჩმენტის გამოცხადებისთვის 100 ხმაა საჭირო.
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი: მმართველი პარტიის მთავარი არგუმენტები>>
ზურაბიშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა და საქართველოს პრეზიდენტის ტრიბუნას იკავებდა. სხდომის დასაწყისში მას, როგორც პრეზიდენტს, ფეხზე ამდგარი მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები მიესალმნენ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუციის დებულება პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ და სამი უცხოური საგარეო ვიზიტი მთავრობის თანხმობის გარეშე განახორციელა.
ძალების გადანაწილება კენჭისყრამდე
იმპიჩმენტის ინიციატორია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", რომელსაც მის მხარდამჭერ პოლიტიკურ ჯგუფ "ხალხის ძალასთან" ერთად პარლამენტში ჯამში 84 ხმა აქვს.
პრეზიდენტი ჩაითვლება გადაყენებულად, თუ დადგენილებას მხარს მინიმუმ 100 დეპუტატი დაუჭერს.
დღეისათვის იმპიჩმენტის მხარდაჭერის შესახებ ღიად განაცხადა მხოლოდ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელი სოციალისტები".
რატომ არ ესწრება ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას>>
იმპიჩმენტის წინააღმდეგ გამოდიან ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და პოლიტიკური ჯგუფები: „ლელო საქართველოსთვის", „ევროოპტიმისტები", „საქართველოსთვის" და „რეფორმების ჯგუფი". ამ დროისათვის საკუთარი პოზიცია ოფიციალურად არ დაუფიქსირებიათ პოლიტიკური ჯგუფების „გირჩისა" და „თავისუფლების", ასევე დამოუკიდებელი დეპუტატების უმრავლესობას.
იმპიჩმენტის საკითხზე პროცედურა იქნება ფარული – დეპუტატების ვინაობა, რომლებიც ზურაბიშვილის გადაყენებას მისცემენ ხმას, კენჭისყრის შემდეგ უცნობი დარჩება.
ყველა ახალი ამბავი
0