საქართველოს პრეზიდენტი „რადიკალურ ოპოზიციასთან“ შეთანხმებულად მოქმედებს - კობახიძე

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2023
გამოწერა
მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი მოქმედებს სრულ კოორდინაციაში ოპოზიციასთან, რომელიც ადრე მას აგენტს უწოდებდა.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. „რადიკალური ოპოზიცია“ და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულ კოორდინაციაში მოქმედებენ და ერთად იგონებენ „სურათს“, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ გადადგება და იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრის დღეს მივა პარლამენტში. მან ოპოზიციას ურჩია, რომ ძლიერი „სურათის შესაქმნელად“ მონაწილეობა არ მიიღონ კენჭისყრაში და გარეთ დადგნენ, ის კი შენობაში იქნება.

„საოცარი განცხადება გააკეთა გუშინ, რადიკალურ ოპოზიციას და კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრა, უფრო ძლიერი სურათისთვის მე მარტო დავრჩები და თქვენ გარეთ გადითო. ერთად დგამენ „კარწინკას“ სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა კობახიძემ.

მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ „ნაცმოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, დადასტურდა, რომ ზურაბიშვილი არღვევდა კონსტიტუციას „ნაცმოძრაობის“ იმედით.
„მოვუწოდებ მას, თავს ნუ ისაწყლებს, მათ შორის მარტო ჯდომით და ამ სცენარით. კარგად იცის, რომ მისი გადაყენების პერსპექტივა ნულის ტოლია. ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს მის იმპიჩმენტს“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს ის პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ზურაბიშვილს თავის დროზე აგენტს უწოდებდა.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
„გირჩი" იმპიჩმენტის საკითხზე პრეზიდენტის მითითებების მიღებას არ აპირებს >>
კობახიძის თქმით, თავის განცხადებაში პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს პირდაპირ შეუტია ყოველგვარი არგუმენტების გარეშე და „ეუზრდელა“ დეპუტატებს.
„არცერთი არგუმენტი არ უთქვამს, თუ რა არ მოეწონა კონკრეტულად გადაწყვეტილებაში, უხეში ტერმინები გამოიყენა „სირცხვილია“ და ა.შ. უფრო მეტიც, დეპუტატების მიმართ ამ ქალბატონმა პირდაპირ იუზრდელა... როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით ზეპარტიული უნდა იყოს და ნეიტრალური, უზრდელობდეს. ესეც მისი პრობლემაა და საქმე“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი გულისხმობდა იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, ვინც აღნიშნულ პროცესს პრეზიდენტის მსგავსად უყურებს.

„როდესაც „ქართულ ოცნებას” დასჭირდა 94 ხმა, ეს მოხერხდა ისე, რომ თავად დეპუტატები არკვევდნენ, რომელმა დააჭირა ღილაკს ხელი. ასეთი გაუგებრობა რომ ავიცილოთ თავიდან, ამიტომ იყო მოწოდება, რომ ის, ვინც მიიჩნევს, რომ ეს პროცესი მიმართულია საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, დადგნენ გარეთ და ამით გამოხატონ პროტესტი”, – განაცხადა მსხილაძემ.

ამასთან, მსხილაძის თქმით, პრეზიდენტი მიწვეულია პარლამენტში და მას სიტყვით გამოსვლის უფლება ექნება.
„სიტყვით აუცილებლად გამოვა, რადგან ამას პროცედურა ითვალისწინებს”, – აღნიშნა მსხილაძემ.
საკანონმდებლო ორგანო საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის გზით გადაყენების საკითხს ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს განიხილავს.
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი: პარლამენტი კენჭს მიმდინარე კვირის ბოლომდე უყრის>>
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებზე მართველი პარტიის დეპუტატები ამტკიცებდნენ, რომ ზურაბიშვილმა სამი ვიზიტის დროს დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0