პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია - პოლიტიკოსების პირველი შეფასება

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2023
გამოწერა
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევის შესახებ მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა" და ოპოზიციის მხრიდან ურთიერთსაპირისპირო რეაქციები გამოიწვია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში ორშაბათს დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი დაარღვია. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი.

„საქართველოს კონსტიტუციის დაცვა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა ქვეყნის სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ხელისუფლების მდგრადი მართვისთვის. ეს არის ყველაზე დიდი შედეგი, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დღევანდელი ვერდიქტით გამოიტანა", – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გარდა ამისა, ქადაგიშვილის თქმით, იმპიჩმენტის საკითხი ჩართული იქნება პარლამენტის დღის წესრიგში ორი კვირის განმავლობაში, შემდეგ გაიმართება კენჭისყრა.
„იმპიჩმენტის პროცესი დავიწყეთ, რადგან ეს იყო გზა, სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოსგან მიგვეღო ვერდიქტი. რაც შეხება საკითხის შემდგომ განვითარებას, რა თქმა უნდა, როგორც რეგლამენტი და კანონი ითხოვს, ეს ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალურად და ამის შემდეგ საკითხი ორი კვრის ვადაში შევა პარლამენტის დღის წესრიგში და პარლამენტში იქნება კენჭისყრა", – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციას უღალატა -კობახიძე>>
მისი თქმით, წინასწარ ისინი ვერაფერს იტყვიან იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება შედეგი.
„ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ზარქუას თქმით, მმართველი პარტია ერთ მიზანს მისდევდა – ყველასთან მიეტანა, რომ ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია.

„მთელმა საქართველომ, უმრავლესობამ, ოპოზიციამ და თვითონ პრეზიდენტმაც იცის, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია. არ აქვს მნიშვნელობა სტატუსს, ვინ ხარ, თუ დაარღვევ კონსტიტუციას, ამაზე იქნება მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილებები. ჩვენ მიზანი გვქონდა, ყველასთვის გვეთქვა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და მან ეს უნდა იცოდეს", – განაცხადა ზარქუამ.

ამ საკითხს ოპოზიცია სხვაგვარად უყურებს. პარტიის "ლელო საქართველოსთვის" ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ მმართველი პარტიის ნება შეასრულა.
„სასამართლომ გაახმოვანა ის, რაც „ქართულმა ოცნებამ" დაუკვეთა, კერძოდ, კობახიძემ, როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც არის „ქართული ოცნების" ნების ბრმად შემსრულებელი", – განაცხადა ჯაფარიძემ.
„ლელოს" ლიდერის თქმით, მთელი ავანტიურა, რომელიც მმართველმა პარტიამ წამოიწყო, იქით არის მიმართული, რომ ხელი შეეშალათ სალომე ზურაბიშვილისთვის მნიშვნელოვანი ვიზიტების განხორციელებაში, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ემსახურება.
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ფარსი იყო.

„ჩვენ ვნახეთ ფარსი, რომელიც ახლა გადაინაცვლებს საქართველოს პარლამენტში. არ მგონია, საქართველოს პარლამენტში იყოს 100 ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ დასავლეთში ვიზიტების გამო უნდა დაისაჯოს პრეზიდენტი", – განაცხადა მანჯგალაძემ.

სასამართლოს კოლეგია სამი დღის განმავლობაში ისმენდა მხარეების არგუმენტებს იმის თაობაზე, მთავრობის თანხმობის გარეშე ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს საზღვარგარეთ ვიზიტების განხორციელების უფლება.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დამოკრატიულმა საქართველომ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა>>
იმპიჩმენტის პროცედურა ახლა პარლამენტში გადაინაცვლებს. ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
როგორც მანამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ მმართველი პარტია უახლოეს ხუთ დღეში განსაზღვრავს, თუ როგორი იქნება მისი სამოქმედო გეგმა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში.
ყველა ახალი ამბავი
0