პრეზიდენტის იმპიჩმენტი: როგორია „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა

© courtesy of Giorgi Kakhianiგიორგი კახიანი
გიორგი კახიანი - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2023
გამოწერა
დეპუტატის თქმით, ამ ეტაპზე მმართველი პარტია სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, შემდეგ კი რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად იმოქმედებს.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში კონსტიტუციის დარღვევის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უახლოეს ხუთ დღეში განსაზღვრავს, თუ როგორი იქნება მისი სამოქმედო გეგმა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა.
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.

„როდესაც ცნობილი გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, უახლოეს ხუთ დღეში ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, როგორ ვიმოქმედოთ მომდევნო ორ კვირაში. პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს იმ შემთხვევას, რომ კენჭისყრა ჩატარდეს ან არ ჩატარდეს. ჩვენ კენჭისყრის ჩატარებას ვფიქრობთ, მაგრამ ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთ", – განაცხადა კახიანმა.

დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნება" სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად იმოქმედებს. ამასთან, კახიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უმრავლესობას არ გააჩნია ხმების საკმარისი რაოდენობა, რათა პრეზიდენტს უფლებამოსილება დამოუკიდებლად შეუწყვიტოს და ამისთვის მას ოპოზიციის მხარდაჭერა სჭირდება.
იმპიჩმენტის მოლოდინში: რა ამბობენ სასამართლოსა და პოლიტიკურ წრეებში>>>
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს. პარტიებსა და იმ საპარლამენტო ჯგუფებს, რომლებმაც უარი უკვე თქვეს იმპიჩმენტის მხარდაჭერაზე, ჯამში 36 ხმა აქვთ.
რაც შეეხება მოლოდინებს, კახიანს იმედი აქვს, რომ „ქართული ოცნების" საკონსტიტუციო წარდგინება დაკმაყოფილდება, რადგანაც იურიდიული თვალსაზრისით ამ დავის შინაარსი ძალიან მარტივია.
„საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს, რა არის სტატუსის განმსაზღვრელი ნორმა და რა – უფლებამოსილების. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ეს პრევენციისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რათა განმეორებით ასეთი ქმედებების ჩადენა თავში არ მოუვიდეს", – აღნიშნა კახიანმა.
პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას მას შემდეგ დაიწყებს, თუ საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს დასკვნას, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა. სასამართლოს კოლეგია სამი დღის განმავლობაში ისმენდა მხარეების არგუმენტებს იმის თაობაზე, მთავრობის თანხმობის გარეშე ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს საზღვარგარეთ ვიზიტების განხორციელების უფლება.
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმებს შეაგროვებს - ალეკო ელისაშვილი>>>
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0