იმპიჩმენტის მოლოდინში: რა ამბობენ სასამართლოსა და პოლიტიკურ წრეებში

© photo: Sputnik / Stringerსაკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2023
გამოწერა
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის საქმეზე იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე საათი რჩება.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დამოკრატიულმა საქართველომ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
სანამ მოსამართლეები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს ფორმალური პროცედურები განუმარტა.

„გადაწყვეტილების გამოცხადების და გამოქვეყნების დღეა 16 ოქტომბერი. 16 ოქტომბერი შედგება რამდენიმე საათისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეები შეიკრიბებიან 12 საათის შემდეგ, მოაწერენ ხელს გადაწყვეტილებას, ამის შემდეგ დაახლოებით ორი საათი სჭირდება იმას, რომ გამოსაცხადებლად მომზადდეს გადაწყვეტილების ტექსტი. ექსპერტიზა უნდა გაიაროს სამართლებრივ დეპარტამენტში. ამის შემდეგ გამოცხადდება, რამდენიმე საათში, დღის განმავლობაში გამოქვეყნდება", – განაცხადა ტურავამ.

იმის თაობაზე, თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, ამ ეტაპზე მოსამართლეები არ საუბრობენ.
მოსამართლე ირინე იმერლიშვილის განცხადებით, მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებამდე ვერაფერს იტყვის. გადაწყვეტილება, დასკვნა დღეს იქნება მიღებული.
„ქართული ოცნების" მოლოდინები
დეპუტატმა მმართველი პარტიიდან მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა აშკარაა. აქედან გამომდინარე, ეს შეუმჩნეველი არ დარჩება საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდანაც, აღნიშნა მან.

„სამწუხაროა, რომ მოგვიწია ასეთი პროცედურების წამოწყება იმის გათვალისწინებით, რომ შეუძლებელია რეაგირების გარეშე დარჩენილიყო კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი... რაც შეეხება რეზულტატს, ეს არაა იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც საკუთრივ პოზიციის დაფიქსირება", – განაცხადა სარჯველაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – დაადგინოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა და დააკმაყოფილოს „ქართული ოცნების" საკონსტიტუციო წარდგინება, განაცხადა „ოცნების" წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.

„მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენი საზოგადოება თვალს ადევნებდა კონსტიტუციის უხეში დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს... ჩვენ ვერ დავუშვებდით და ვერ დავუშვებთ, რომ ნებისმიერ კანონზე და, მით უმეტეს, კონსტიტუციაზე მაღლა ვინმე დადგეს. ჩვენ იძულებული გავხდით კონსტიტუცია დაგვეცვა. სხვა შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ თანაზიარი ვიქნებოდით კონსტიტუციის დარღვევის", – განაცხადა ღუდუშაურმა.

პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის დარღვევა იმდენად ერთმნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მოსამართლის ან იურისტისთვის სხვა გადაწყვეტილების მიღება რთული იქნება, მიიჩნევს დეპუტატი მმართველი პარტიიდან დავით მათიკაშვილი.

„ჩვენ თავიდანვე ცალსახად და გარკვევით ვუთხარით საზოგადოებას, რომ 100 ხმის მოგროვების რესურსი უმრავლესობას არ გააჩნია, თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუ არ მოგროვდება შესაბამისი ხმები, საზოგადოებისთვის იქნება მკაფიოდ გასაგები, რომ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არღვევს კონსტიტუციას", – განაცხადა მათიკაშვილმა.

ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
რას ამბობენ ოპოზიციაში
დეპუტატი ოპოზიციური პარტია „გირჩიდან" იაგო ხვიჩია დარწმუნებულია საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების" „ტრიუმფალურ გამარჯვებაში“.

„სიურპრიზების მოლოდინი არ მაქვს, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება" ტრიუმფალურ გამარჯვებას მოიპოვებს. რაც შეეხება პარლამენტს, არ ეტყობათ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი უნდათ, მგონი, ეს ყველაფერი თამაში იყო – ვითომ პრეზიდენტისგან გამიჯვნის და იმისთვის, რომ პრეზიდენტი გადააგდონ ე.წ. ოპოზიციურ მოედანზე და ამით ე.წ. პროდასავლური ხმები, რომელიც „ქართულ ოცნებას" ხელიდან გაუვარდა, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით დაიბრუნონ უკან", – განაცხადა ხვიჩიამ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ თუ საკითხი პარლამენტში კენჭისყრაზე დადგება, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს.

„პრეზიდენტმა თვითონ აღიარა, რომ დაარღვია ქვეყნის კონსტიტუცია, ასე რომ, ეს ახალი არ იქნება. იმისათვის, რომ პრეზიდენტმა რაღაც ადგილი დაიკავოს საზოგადოებაში, ის თვითონ უნდა გადადგეს", – განაცხადა ინჯიამ.

მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ იმპიჩმენტის პროცედურას არა აქვს სამართლებრივი და კონსტიტუციური შინაარსი – ეს მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციაა „ოცნებისა" და პრეზიდენტის მხრიდან, რათა საზოგადოების ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანონ.

„ამ პროცესში ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ და მოვუწოდებთ ყველა საპარლამენტო ჯგუფს, რომ თუ იმპიჩმენტის განხილვის საკითხი დადგება, დარბაზიდან გამოვიდეთ და ამ პოლიტიკურ თამაშში „ქართული ოცნება" მარტო დავტოვოთ", – განაცხადა „ნაცმოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა.

პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას დაიწყებს, თუ საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს დასკვნას, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა. სასამართლოს კოლეგია სამი დღის განმავლობაში ისმენდა მხარეების არგუმენტებს იმის თაობაზე, მთავრობის თანხმობის გარეშე ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს საზღვარგარეთ ვიზიტების განხორციელების უფლება.
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმებს შეაგროვებს - ალეკო ელისაშვილი>>
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0