საქართველოს ელჩი ისრაელში: ღაზის სექტორში საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან

© AFP 2024 / FADEL SENNA
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2023
გამოწერა
კონფლიქტის დაწყებიდან საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ დადასტურებულა, განაცხადა ელჩმა
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. ღაზის სექტორში საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან, ამიტომ საქართველოს საელჩო ისრაელში არ არის ჩართული უცხოელთა ევაკუაციის პროცესში სპეციალურად გახსნილი დერეფნით, განაცხადა საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ „პირველი არხის“ ეთერში.
„ღაზის სექტორში ჩვენ არ გვყავს საქართველოს მოქალაქე, რის გამოც ჩართულები არ ვართ პროცესში, თუმცა სხვა ბევრი ქვეყნის მოქალაქე არის იქ და დღეს დერეფანი იყო გახსნილი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რათა დაეტოვებინათ ღაზა ეგვიპტის საზღვრის მეშვეობით“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
როგორც ელჩმა აღნიშნა, კონფლიქტის დაწყებიდან საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ დადასტურებულა.
„ამ დროისთვის, ჩემი მონაცემებით, ამ ტერორისტული აქტის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 1.400-ს აჭარბებს. სამწუხაროდ, ჯერ ყველა იდენტიფიცირებული არ არის და ყველას შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ასევე, 36 ქვეყნის მოქალაქეა დაშავებული და დაღუპული ამ საშინელი ტერორიზმის შედეგად“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
მისი თქმით, მდგომარეობა დაძაბულია და არ არის მარტივი, მაგრამ უფრო ლოკალური ხდება, ვიდრე ეს იყო საბრძოლო მოქმედებების დაწყების პირველ დღეებში.
შაბათს საღამოს ისრაელიდან თბილისში ჩამოფრინდა ორი რეისი, კვირას კიდევ სამი ფრენა შესრულდება.
„კვირას გვექნება სამი ფრენა, ორი „ჯორჯიან ეარვეისის“ და ერთი „ელალის“ მეშვეობით. მომდევნო დღეებში ასევე „ჯორჯიან ეარვეისი“ და „ელალი“ განახორციელებენ ფრენებს, მათ შორის ბათუმშიც“, - განაცხადა ჟვანიამ.
ჯერჯერობით ქალაქების ევაკუაციაზე საუბარი არ არის, განაცხადა ელჩმა.
7 ოქტომბერს დილით ისრაელის ტერიტორიაზე ღაზას სექტორიდან უპრეცედენტო სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა - პალესტინის მოძრაობის ჰამასის სამხედრო ფრთამ განაცხადა, რომ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა“. გარდა ამისა, მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, ორგანიზაციის მებრძოლებმა შეაღწიეს სამხრეთ ისრაელის სასაზღვრო რაიონებში.
თავის მხრივ, პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ისრაელზე მასირებული იერიშის დღეს ოფიციალურ პირებთან საგანგებო სხდომაზე ისაუბრა პალესტინელი ხალხის უფლებაზე, დაიცვას თავი ისრაელის ჯარისა და გადასახლებული პირებისგან.
„თქვენ უდავოდ გაიმარჯვებთ“ - საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელს მიმართა >>
საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში კონტრტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები" წამოიწყეს. ჯარი სრულ სამხედრო მზადყოფნაში იქნა მოყვანილი და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკვე 8 ოქტომბერს ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა.
თავდასხმიდან რამდენიმე დღეში ისრაელის სამხედროებმა თავისი კონტროლის ქვეშ მოაქციეს ღაზას საზღვართან მდებარე ყველა დასახლებული პუნქტი და საჰაერო დარტყმების განხორციელება დაიწყეს. ისრაელმა ღაზას სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა: წყლის, საკვების, ელექტროენერგიის, მედიკამენტების და საწვავის მიწოდება შეჩერდა.
თითოეული მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის რაოდენობამ ათასს გადააჭარბა, რამდენიმე ათასი ისრაელელი და პალესტინელი დაშავდა. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ჰამასის ტყვეობაში შესაძლოა 150-მდე ისრაელის მოქალაქე იყოს.
ყველა ახალი ამბავი
0