პრეზიდენტის იმპიჩმენტი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 16 ოქტომბერს გამოცხადდება

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2023
გამოწერა
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილება მაქსიმუმ 16 ოქტომბერს უნდა გამოაცხადოს, განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" 12 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა კონსტიტუციური წარდგინება უმრავლესობის 80 დეპუტატის წერილობით მოთხოვნასთან ერთად, რათა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაწყებულიყო.
ტურავას თქმით, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო ზეპირი მოსმენით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას დარბაზში აცხადებს, მიზანშეწონილი იქნება, რომ პრეზიდენტთან დაკავშირებით გადაწვეტილებაც საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში გამოაცხადონ.

„სასამართლოში წარდგინება დარეგისტრირდა 14 სექტემბერს და პლენუმს გადაეცა 15 სექტემბერს. გადაწყვეტილების პარლამენტში გაგზავნის ბოლო თარიღი და ბოლო დღე არის 14 ოქტომბერი. ვინაიდან 14 ოქტომბერი არასამუშაო დღეა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება შეიძლება გაიგზავნოს პირველ სამუშაო დღეს და ეს არის 16 ოქტომბერი. შესაბამისად, მიზანშეწონილი იქნება გადაწყვეტილების დარბაზში გამოცხადება მაქსიმუმ 16 ოქტომბერს მოხდეს“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.

მმართველმა პარტიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ წამოიწყო, რაც სახელმწიფო მეთაურმა 31 აგვისტოს საზღვარგარეთული ტურნე და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო მთავრობის თანხმობის გარეშე.
თავის მხრივ, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროპაში ვიზიტების მიზანია ქვეყნის მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში.
მიხეილ სარჯველაძე: პრეზიდენტის იმპიჩმენტი შესაძლებელია კენჭისყრის შედეგად აღსრულდეს>>>
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა. სასამართლოს კოლეგია სამი დღის მანძილზე ისმენდა მხარეების არგუმენტებს იმის თაობაზე, მთავრობის თანხმობის გარეშე ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს საზღვარგარეთ ვიზიტების განხორციელების უფლება.
თავად საქართველოს პრეზიდენტი სხდომაზე არ გამოცხადდა, მის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში იცავდნენ იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო წარდგენის ავტორები – პარლამენტის ოთხი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან", მათ შორის, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ".
პრეზიდენტის იმპიჩმენტი საქართველოში პოლარიზაციას აძლიერებს - ევროკავშირის ელჩი>>>
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს. პარტიებსა და იმ საპარლამენტო ჯგუფებს, რომლებმაც უარი უკვე თქვეს იმპიჩმენტის მხარდაჭერაზე, ჯამში 36 ხმა აქვთ.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის („საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება“) დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0