14 წლის მოკლული გოგონას საქმე: შსს-მ ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავა

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2023
გამოწერა
დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი შესაძლო სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არასრულწლოვნის მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.
შემთხვევა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში 6 ოქტომბერს მოხდა. არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მამაკაცმა გოგონა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა არასრულწლოვანს ქორწინების მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბიძის სახლში მიიყვანა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შესახებ.
ასევე დადგინდა, რომ ამავე დანაშაულის შესახებ ცნობილი გახდა ბრალდებულის ბიძაშვილისთვის, თუმცა მათ პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს.
დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ 14 წლის მოკლული გოგონას დედას და ბიძას პატიმრობა შეუფარდა>>
სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი 9 ოქტომბერს დააკავეს, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი იარაღი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე ასევე დაკავებულია არასრულწლოვანი გოგონას დედა და ბიძა – დედის ძმა. მათ ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე აღკვეთის ღონისძიების სახით რუსთავის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება როგორც ბრალდებულისთვის სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების ბრალად შერაცხვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი შესაძლო სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0