საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა სიღარიბე დაძლია - ირაკლი ღარიბაშვილი

  - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2023
გამოწერა
ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი შრომის ბაზარზე, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. სიღარიბე და უმუშევრობა დღეს საქართველოში ისტორიულ მინიმუმზეა – ათ წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მანამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სიღარიბის დონე საქართველოში 2012 წელს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თითქმის განახევრდა და 2022 წელს 15,6% შეადგინა. მისი თქმით, მას შემდეგ ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა – 535 ათასმა დაძლია სიღარიბე.

„სიღარიბე და უმუშევრობა დღეს არის ისტორიულ მინიმუმზე. თუ გავიხსენებთ 2012 წელს, მაშინ სიღარიბის მაჩვენებელი იყო დაახლოებით 30%, უმუშევრობა იყო 27%-ზე მეტი. დღეს უმუშევრობის მაჩვენებელი 17%-ია, ხოლო სიღარიბე არის 15%-ზე ჩამოსული. ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე საქართველოში ბოლო 10 წელიწადში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება უმუშევრობის სტატისტიკას, 2023 წლის მეორე კვარტალში მისმა დონემ 16,7% შეადგინა, რაც 1,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც ის 18,1% იყო. საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,6 ათასი ადამიანით, ანუ 5,2%-ით შემცირდა და 266,9 ათასი ადამიანი შეადგინა.
ღარიბაშვილის თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს არის კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი შრომის ბაზარზე.
„გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ არ არის მიწოდება კვალიფიციური მუშახელის, რაც სერიოზული პრობლემაა“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოში შემოსული ვაკანსიების თანახმად, გამოიკვეთა ყველაზე მსხვილი სფეროები, ეს არის საბითუმო და საცალო ვაჭრობა, განთავსების საშუალებები, სასტუმროები, უზრუნველყოფა და საკვების მიწოდების საქმიანობა, კვების ობიექტები, როგორიც არის სარესტორნო ბიზნესი და ა.შ.
ასევე მესამე მიმართულება – ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები. მეოთხე მიმართულება – ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობა. სულ სააგენტოში, დღეის მდგომარეობით, 10.000-მდე ვაკანსიაა დაფიქსირებული.
პრემიერის თქმით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევით გამოიკვეთა, რომ 2022 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საწარმოთა 32%-ს ჰქონდა ვაკანსია, რამაც ჯამში თითქმის 140 ათასი ვაკანსია შეადგინა, რაც საგანგაშო მაჩვენებელია.
პროფესიული განათლების განვითარება
საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სახელმწიფოს მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით.
ანუ სახელმწიფო კერძო სექტორთან/დამსაქმებლებთან ერთად განახორციელებს ინვესტიციას პროფესიულ განათლებაში.
მთავრობა ვარაუდობს, რომ ინიციატივა ხელს შეუწყობს კადრების მომზადებას ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დასაქმების დონეს. სახელმწიფოს მხრიდან ეს არის ინოვაციური მიდგომა, რომელიც შემოთავაზებულია კერძო სექტორისთვის, საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის ფარგლებში გეგმავს კვალიფიკაციის განახლებას, დარგობრივი პრიორიტეტების განსაზღვრას, აგრეთვე პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელის განახლებას.
ასევე დაიწყება მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო საფეხურზე, რათა მოხდეს პროფესიული განათლების მაქსიმალურად ინტეგრირება. მნიშვნელოვანი სიახლეები იგეგმება პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებითაც, რაც გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობს.
სამინისტრო ამ ახალი ხედვით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებას წელს დაიწყებს, რის შედეგადაც უახლოეს მომავალში პროფესიული განათლების სისტემის ეფექტურობა და მიმზიდველობა გაიზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0