ელჩი: ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა

© AP Photo / Ohad Zwigenbergისრაელის ჯარი ქალაქ სდეროტში
ისრაელის ჯარი ქალაქ სდეროტში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2023
გამოწერა
ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა
თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შემოსულა, ჩვენი რამდენიმე მოქალაქე გუშინ უსაფრთხო ადგილზე გადავიყვანეთ, განაცხადა ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ.
შაბათს პალესტინის მოძრაობა ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელის წინააღმდეგ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა“ და განაცხადა, რომ მან ღაზის სექტორიდან 5000 რაკეტა გაისროლა. საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში კონტრტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები“ წამოიწყეს. ბოლო მონაცემებით, 300 ისრაელის მოქალაქე დაიღუპა, დაახლოებით 2000 დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოებში, მათგან 19 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ 313 დაღუპულისა და 2000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ განაცხადა.
როგორც ჟვანიამ აღნიშნა, ამ მასშტაბის ტერორისტული აქტი არ ყოფილა ქვეყანაში მრავალი წლის მანძილზე და ეს უმძიმესი პერიოდია ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში, ებრაელი ერის ცხოვრებაში.
ელჩის განცხადებით, საქართველოს არცერთი მოქალაქე ისრაელში მიმდინარე მოვლენების გამო არ დაშავებულა.
„მუდმივ კონტაქტზე ვართ, როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროსთან, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ისრაელის პოლიციასთან. არ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც შეიძლებოდა, დაშავებულიყო ამ პერიოდის მანძილზე. ჩვენი რამდენიმე მოქალაქე გუშინ უსაფრთხო ადგილზე იქნა გადმოყვანილი, სამი არის ნათანიაში, ერთი არის თელ-ავივში“, – განაცხადა ჟვანიამ.
ელჩის ინფორმაციით, საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს დასჭირდა საელჩოს დახმარება და ისინი ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან.
სარაკეტო შეტევა ისრაელზე: საქართველოს საელჩო თანამემამულეებს აფრთხილებს >>
„გუშინ საღამოს საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში ისრაელიდან. ისინი, ვინც ვერ დაბრუნდნენ, საქართველოს საელჩოს დახმარებით, უზრუნველყოფილები არიან სასტუმროთი. თუ ვინმე რაიმე ინფორმაციას ფლობს საქართველოს მოქალაქეებზე, გთხოვთ, შეგვატყობინოთ“, – განაცხადა ჟვანიამ.
საელჩო მოუწოდებს ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფ პირებს, თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტული ტურებისგან.
მოქალაქეებმა თვალყური უნდა ადევნონ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად. ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ლინკზე.
მოქმედებს ცხელი ხაზი: +972 526 919092; +972 528 888513; +972 547 386813.
ბოლო მონაცემებით, ისრაელში საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს 998 მოქალაქეა რეგისტრირებული.
ყველა ახალი ამბავი
0