შუა ქუჩაში ომბუდსმენი სცემეთ - არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას მიმართა

© photo: Sputnik / Stringerსპეცრაზმის აქციაზე. 2023 წლის 7 მარტი
სპეცრაზმის აქციაზე. 2023 წლის 7 მარტი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2023
გამოწერა
ოპოზიციის ნაწილი „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამოდის
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ შეახსენა ოპოზიციას, რომელიც ეწინააღმდეგება „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების მიღებას, როგორ დაესხნენ ისინი თავს ახლადარჩეულ სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს თბილისის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც საპროტესტო აქციების დროს დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის სცენის მოწყობის შესახებ ნორმების გამკაცრებას ითვალისწინებს. ამას წინ უძღოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადება, რომ ქვეყანაში ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაცია იგეგმება. განცხადების თანახმად, არეულობა მოსალოდნელია იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება.
„თქვენ რა დემოკრატიაზე და კარვებზე ლაპარაკობთ! ომბუდსმენი სცემეთ, დემონსტრაციის დროს შუა ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე და აივნებზე ესროდით ხალხს გაზის ყუმბარებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
თბილისში 7-10 მარტს უცხოური აგენტების შესახებ კანონების მიღების გასაპროტესტებლად ქართული საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია გავიდა. ზოგიერთმა მომიტინგემ ბარიერების გარღვევა და პარლამენტის ტერიტორიაზე შეღწევა გადაწყვიტა. ამის შემდეგ სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. აქციების შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ ორივე კანონპროექტი უკან გაიწვია.
საპროტესტო აქციები თბილისში - სახალხო დამცველმა დარღვევებზე ისაუბრა >>
იოსელიანი, რომელიც ომბუდსმენის პოსტზე 7 მარტს აირჩიეს, იმავე დღეს მივიდა მიტინგზე, რომელიც უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ იმართებოდა, რათა სიტუაცია ადგილზე ენახა. ადგილზე მოსულს მას კვერცხები დაუშინეს და წყალი გადაასხეს. იოსელიანს მიტინგის დატოვება პოლიციელების თანხლებით მოუწია.
თალაკვაძემ ასევე მიმართა ოპოზიციონერ დეპუტატსა და პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერ თამარ ჩარკვიანს და მისი წინადადება შეახსენა - პროტესტის ნიშნად მთელს რუსთაველის გამზირზე ლეიბების გაშლა და დაწოლა.
„მინდა, თამარ ჩარკვიანი დავამშვიდო. ქალბატონო თამარ, თქვენ რაც დააანონსეთ, ეს იყო ლეიბების რევოლუცია და მინდა, დაგამშვიდოთ, რომ ამ კანონში ლეიბებთან დაკავშირებით არავითარი შეზღუდვები არ არის დაგეგმილი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ვიცე-სპიკერმა ასევე სთხოვა ოპოზიციონერ კოლეგას მოეყვანათ მაგალითი იმისა, როდესაც მათ ახლანდელი ხელისუფლების დროს საპროტესტო აქცია ვერ ჩაატარეს.
„რა პრობლემა შეგექმნათ მშვიდობიანი შეკრების კუთხით? მაგრამ პრობლემები სერიოზული შეგექმნათ, როცა თავდასხმებს გეგმავდით და ძალადობას აქეზებდით აქ, პარლამენტზე“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
თალაკვაძემ ასევე გაიხსენა ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერის გამონათქვამები, რომლებმაც, მისი თქმით, დაადასტურა სუსის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ქვეყანაში დაგეგმილი რევოლუციური პროცესების შესახებ.
„ერთმა თქვა, რომ იარაღზეც უნდა გავიკრათ ხელიო, მეორემ საპატიმროდან შემოთვალა, რომ პირიქითო სუს-ს მეტი უნდა ეთქვაო, არა ვართ კმაყოფილიო, სინამდვილეში მეტი დესტაბილიზაცია იგეგმებაო. მესამემ კიდევ თქვა, რომ სტატუს, რომ ვერ მივიღებთ დეკემბერში და იანვარში არეულობები უნდა მოვაწყოთო, აბა, ჩვენ არჩევნებს სად ველოდოთო“, - განაცხადა თალაკვაძემ.
თალაკვაძემ ჰკითხა ოპოზიციის წარმომადგენლებს, როგორ ბედავენ, რომ საკუთარ ლიდერებს უპირისპირდებიან, როდესაც აცხადებენ, რომ ქვეყანაში არეულობა იგეგმება.
დეზინფორმაცია მოქმედებაში: შალვა პაპუაშვილი ადამიანებით მანიპულირებაზე >>
ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ადრე საპროტესტო აქციები დააანონსა და განაცხადა, რომ უკან დახევა არ მოხდება და ოპოზიცია აუცილებლად გაიმარჯვებს. „ჩხუბი კი არა, იარაღზე არ დაუხევია უკან ჩვენს თანამემამულეს” - განაცხადა ვაშაძემ.
მოგვიანებით ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა არსებული მდგომარეობა მუდმივად უნდა გააპროტესტოს და თუ ქვეყანა ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაშინ უნდა უზრუნველყოს მთავრობის გადადგომა და ახალი არჩევნების დანიშვნა.
სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ „კარვების ქალაქის" მოწყობას, სადაც წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას. აფეთქების შემთხვევაში ამის შედეგად დაიღუპებიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
საქართველოში საპროტესტო აქციების შესახებ კანონის გამკაცრება იგეგმება >>
ინიცირებული პროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; არ უკავშირდება უშუალოდ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.
გარდა ამისა, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე აქციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.
კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს.
აღნიშნული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.
სუსის გამოძიება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ქართული წარმოშობის სამხედროების ჯგუფი, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტში მონაწილეობენ, და დაინტერესებული მხარის გავლენის ქვეშ მყოფი ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა წვრთნაც მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, გამოყენებული იქნებიან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით სამოქალაქო არეულობის ორგანიზებისთვის.
უწყების ცნობით, გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. აღნიშნულია, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში არიან ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურია.
პაპუაშვილი: სააკაშვილი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტია>>>
დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
ხელისუფლების დამხობის შეთქმულების მონაწილეთა მოლოდინი იმაზეა გათვლილი, რომ გამოქვეყნებული დასკვნა უარყოფითი იქნება და რომ მათ ხელში არსებული საინფორმაციო ქსელებით ხელისუფლებისთვის ხელოვნურად მიკერებული იარლიყი „პრორუსულის" გამოყენებით ნიადაგი შეიქმნება საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისთვის, აღნიშნეს სუსში.
რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი" (CANVAS), რომლის ბირთვსაც წარმოადგენს ორგანიზაცია „ოტპორი", განაცხადეს სუსში. მათი თქმით, სწორედ ამ ორგანიზაციებმა მიიღეს წარსულში აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და, შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებისა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით.
აღნიშნული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელთა შორისაა ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებზე და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირება და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები, რომლებიც შეიცავენ სერიოზული პროვოკაციის ელემენტებს.
დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება 2014 წელს უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის" მსგავსი სცენარის საქართველოში განხორციელება, აღნიშნულია სუსის განცხადებაში.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ „კარვების ქალაქის" ტერიტორიაზე, სადაც გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციები გაიმართება, წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
სუსში აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ქვეყანაში პროვოკაციები იგეგმება.
უსაფრთხოების სამსახურში 2 ოქტომბერს აგრეთვე განაცხადეს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მოწვევით საქართველოში 25 სექტემბერს სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი ჩამოვიდნენ. მათ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლები, კერძოდ, ერთ-ერთი დიდი ჯგუფი გადაამზადეს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში.
სუსის ინფორმაციით, სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან. სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.
ყველა ახალი ამბავი
0