როგორ გაუმკლავდა გამოწვევებს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი - მინისტრის პასუხი

© Parliament of Georgiaსაქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი პარლამენტში
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი პარლამენტში - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2023
გამოწერა
მზარდი ეკონომიკის სიკეთე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა შეეხოს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა მაქსიმალურად მოქნილი, ადეკვატური მექანიზმებით შეძლო საერთაშორისო თუ რეგიონულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე რეაგირება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.

„მთლიანად მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა მაქსიმალურად მოქნილი, ადეკვატური მექანიზმებით შეძლო ბოლო წლებში არსებული საერთაშორისო თუ რეგიონულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე რეაგირება და არსებული საშინაო თუ საგარეო შოკების განეიტრალება საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობისთვის“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, ამაზე სტატისტიკური მაჩვენებლებიც მეტყველებს, მათ შორის, არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდა და უმუშევრობის ისტორიული მინიმუმი.
„თუმცა, აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა – ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში სიღარიბე დაძლეულია, ამ მხრივ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ არსებული დადებითი დინამიკა და ტემპი. ეს ჩვენი ეკონომიკური გუნდის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ეკონომიკური სარგებლის თანაბრად სამართლიანად გადანაწილება მოსახლეობის ყველა ფენას შორის, მზარდი ეკონომიკის სიკეთე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა შეეხოს.
მინისტრი მიიჩნევს, რომ პრიორიტეტულია მისი უწყების საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებები: ქვეყნის ეკონომიკის სექტორული ზრდა/განვითარება და რეფორმები, მათ შორის, კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერა, ბიზნესის და ინვესტიციების ხელშეწყობა, კაპიტალის ბაზრის და სადაზღვევო სექტორის განვითარება, გამართული საპენსიო სისტემა, ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია.
„ძალიან დიდი ნახტომია" - პრემიერი ეკონომიკის ზრდაზე >>
ლევან დავითაშვილი პარლამენტის წევრებს ასევე დეტალურად გააცნობს ქვეყანაში მიმდინარე თუ დაგეგმილი მსხვილი პროექტების შესახებ ინფორმაციას.
„მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პარლამენტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხებს.
დავითაშვილის თქმით, მისი გამოსვლა მიმდინარე წლის ეკონომიკური ტენდენციებისა და უწყების მიერ გაწეული სამუშაოს ერთგვარი შეჯამება იქნება.
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2023 წლის აგვისტოში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,8% შეადგინა. 2023 წლის იანვარი–აგვისტოში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7% შეადგინა.
რაც შეეხება უმუშევრობის სტატისტიკას, მისმა დონემ 2023 წლის მეორე კვარტალში 16,7% შეადგინა, ანუ 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (18,1%) 1,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა. საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,6 ათასი ადამიანით, ანუ 5,2%-ით შემცირდა და 266,9 ათასი ადამიანი შეადგინა.
საქართველოში ღარიბი ოჯახების რაოდენობა 2023 წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე პერიოდში 10,3%-ით შემცირდა და 132,7 ათასი შეადგინა.
მთლიანობაში, 2023 წლის 1 აგვისტოსთვის, სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ საქართველოში ოჯახების მთლიანი რაოდენობის 16,7% შეადგინა. ამასთან, 2023 წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოქალაქეების საერთო რაოდენობა 11,1%-ით შემცირდა და დაახლოებით 470 ათასი ადამიანი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0