სკოლის მოსწავლის ბულინგი: შსს-მ მასმედიას სიფრთხილისკენ მოუწოდა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის შენობა
პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2023
გამოწერა
მასმედიის წარმომადგენლებს მოუწოდეს, სანამ ინფორმაციას გაავრცელებენ, ფაქტები გადაამოწმონ.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შსს მასმედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ბავშვების პერსონალური ინფორმაციის დაცვას, ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელიც ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ არასრულწლოვანზე ძალადობის ამსახველი ვიდეორგოლის გავრცელების შემდეგ გამოქვეყნდა.
საუბარია იმერეთის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ შემთხვევაზე. მეცხრეკლასელი თანატოლებმა შეავიწროვეს და აბუჩად აიგდეს. ამის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ბავშვის დედამ ქალიშვილის ჩანთაში მუქარის წერილი და სამართებელი („ბრიტვა") იპოვა. ქალმა პოლიციას მიმართა.

„საქართველოს კანონმდებლობით, დაუშვებელია რაიმე ფორმით საჯარო გახდეს ბავშვის პერსონალური მონაცემის შემცველი ჩანაწერი, რომელიც უკავშირდება არასრულწლოვნის მიმართ ან მის მიერ ჩადენილ ძალადობის შემთხვევას. მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ბავშვთა პერსონალური ინფორმაციის დაცვას და იმოქმედონ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით", – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, 24 სექტემბერს ქუთაისის პოლიციის განყოფილებაში საქმის გამოძიება დაიწყო სსკ-ის ორი – ძალადობისა და არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით.
გამოძიების ფარგლებში არასრულწლოვნები გამოიკითხნენ კანონიერი წარმომადგენლების თანდასწრებით, არასრულწლოვნების ინტერესების დაცვით. დადგენილია საქმის ყველა ფიგურანტი, აღნიშნეს უწყებაში.
საქმეზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
უწყებაში მედიის წარმომადგენლებს მოუწოდეს, სანამ ინფორმაციას გაავრცელებენ საჯაროდ, სოციალურ ქსელებში ან მედიასაშუალებებში, განსაკუთრებით არასრულწლოვნების შესახებ, ფაქტები გადაამოწმონ ან მიმართონ შესაბამის უწყებას. ამან შეიძლება არასრულწლოვანს დამატებითი ტრავმა მიაყენოს, აღნიშნეს შსს-ში.
ყველა ახალი ამბავი
0